საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2 წლის მუშაობას მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში მიმოიხილავს.
„დღესაც და ხვალაც მე ყოველთვის, ყველგან ვიმოქმედებ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შემაცვლევინებს“, - პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ეს განცხადება, რომელიც პრემიერმა ერთ-ერთი ღონისძიების დროს გააკეთა, ყველას კარგად დაგვამახსოვრდა და ვთვლი, რომ მის დამოკიდებულებას ქვეყნისადმი ყველაზე კარგად გამოხატავს.
დღეს ორი წელი გავიდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარლამენტმა დაამტკიცა. ორი წლის განმავლობაში კი პრემიერმა საქმით დაამტკიცა, რომ ქვეყანას ემსახურება.
მოკლედ მინდა შეგახსენოთ, მხოლოდ სოციალური პოლიტიკის მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგა:
გაზრდილი ხელფასები, პენსიები და სოციალური დახმარებები. ძალოვნებს ჯამში ხელფასი გაეზარდათ 30%-ით, საჯარო მოხელეებს 20%.-ით.
სოციალურად დაუცველ ბავშვებს 200-ლარიანი დახმარება დაენიშნათ - ჯამში 500 მილიონი ლარი გამოიყო.
გაიაფდა მედიკამენტები: თურქეთის ბაზრის გახსნამ წამლები 60-დან 80%- ით გააიაფა, რის შედეგადაც მოსახლეობას 200 მილიონი დაეზოგება.
მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება.
ეს ყველაფერი არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, ზედიზედ ორჯერ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.
2022 წელს ტურიზმიდან რეკორდული შემოსავლები იყო - 3 მილიარდ 517 მილიონი აშშ დოლარი, რაც პანდემიამდელ - 2019 წლის მონაცემს გადააჭარბა.
უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა.
აქტიურ ფაზაშია პროგრამა „განახლებული რეგიონები“ - რომელიც 63-ვე მუნიციპალიტეტს მოიცავს, პირველ ეტაპზე იხარჯება დაახლოებით 500 მილიონი ლარი. ხორციელდება უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი - სკოლების და ბაღების, სოფლის გზებისა თუ ავტობანების მშენებლობა.
ისტორიული პროექტების დაწყებაც სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის სახელს უკავშირდება: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის მშენებლობის პროექტი და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - პორტის 51% სახელმწიფოს კუთვნილება იქნება და სამუშაოები წელსვე დაიწყება.
საქართველოში არსებული ეკონომიკური წარმატება, სტაბილურობა და წინსვლა არის ერთ-ერთი მთავრი თემა, რაზეც პრემიერი საერთაშორისო ვიზიტების დროს პარტნიორებთან საუბრობს: აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, აზიასა და არაბულ ქვეყნებში, მონაწილეობს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და გაერო-ს გენერალურ ასამბლეის დებატებში. ამავდროულად მაღალი დონის სტუმრებს საქართველოში მასპინძლობს. ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.
ბოლოსკენ რომ შევაჯამო, მოკლე რეზიუმე - დღეს ქვეყანაში არის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანა ჩაიბარა მინუსიანი ეკონომიკით, ბიუჯეტის დეფიციტით 9,3%, მშპ 50 მლრდ, ხოლო 2 წლის მუშაობის შედეგად - 2023 წლის ბოლოს მშპ - 80 მლრდ ლარი, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 8 000 დოლარზე მეტი იქნება, ლარი დასტაბილურდა. 2 წელი ზედიზედ ორნიშნა, 10%-იანი ეკონომიკური ზრდაა.
რთულია ერთ პოსტში ყველაფრის გადმოცემა, ამიტომაც გასულ წელს ამ დღეს დაწერილი პოსტსაც გიზიარებთ.
*******
დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა. მარტიდან მეც შევუერთდი მის გუნდს. ზოგჯერ მგონია, რომ ერთი წელი ერთ დღეში გავიდა, მუდმივი მუშაობის რეჟიმში, 24 საათი, კვირაში 7 დღე.
ჩემი გადმოსახედიდან მინდა, რომ მოკლედ შევაფასო დატვირთული და გამოწვევებით სავსე ერთი წელი.
რა ვითარება დახვდა ირაკლი ღარიბაშვილს როდესაც მან პოსტი ჩაიბარა?
ქვეყანაში იყო კრიზისი ბევრი მიმართულებით, გამოვყოფდი 3 ძირითად პუნქტს:
2020 წელს, მთავრობის ვალი 7 მილიარდი ლარით გაიზარდა, აქედან საგარეო ვალი 5 მლრდ 200 მილიონი ლარია.
როგორ და რამდენ ხანში მოაგვარა პრობლემები?
გაპრემიერებიდან 5 თვის თავზე, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ეტაპობრივად მოიხსნა შეზღუდვები, რამაც ეკონომიკის გაჯანსაღება გამოიწვია. 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10,6% შეადგინა.
ვხედავთ რომ, ლარის კურსი დოლართან მიმართებით უკვე 3.0 ნიშნულიდან ქვევით ჩამოვიდა.
მან აწარმოა წარმატებული საარჩვენო კამპანია და პირადად ჩავიდა 63-ვე მუნიციპალიტეტში. (მახსოვს, დღეში 7 – 8 ღონისძიება გვქონდა. ვინც ამ სფეროში მუშაობთ, მიხვდებით, ეს რა ტიტანური სამუშაოა).
მნიშვნელოვანი სიახლეები სოციალური პოლიტიკის მიმართულებით:
სრულდება „ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა. მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი უკვე აშენდა და სრულდება, დაახლოებით 1090 სამხედროს გადაეცემა ბინები, უპრეცენდენტოდ შეღავათიანი პირობებითა და შიდა განვადებით.
შიდა პრობლემების მოგვარების პარალელურად, აწარმოა წარმატებული საგარეო პოლიტიკა:
ყველას კარგად დაგვამახსოვრდა კადრები, თუ როგორი პატივით მიიღო პრემიერი თურქეთის პრეზიდენტმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა უმაღლესი დონის ფორუმებსა და შეხვედრებში (ასოცირების ტრიოს სამიტი, ბრიუსელის სამიტი, შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, გლაზგოს კლიმატის სამიტი, ვიზიტი თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში)
საქართველოში განხორციელდა მნიშვნელოვანი ვიზიტები (აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი...ბათუმის კონფერენცია - უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები).
ახალი ინიციატივები, რაც მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რაც გააიაფებს წამლების ფასებს საქართველოში.
ასევე გამოვყოფდი ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების უდიდესს წარმატებას!
ეს საქართველოს ისტორიაში მიღებული მედლების რაოდენობით ყველაზე მაღალი შედეგია. პრემიერის გადაწყვეტილებით კი ოლიმპიურ ჩემპიონებს ერთი მილიონი ლარი, ვერცხლისმედალოსნებს - 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელებს - 250 ათასი ლარი გადაეცათ.
ასევე უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომ 300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწაზე ბრუნდება, იორდანიაში 4000 კვ.მ ზომის მიწის ნაკვეთი გადმოგვეცა, პატრიარქის კურთხევით აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი.
ეს ძალიან მოკლე ჩამონათვალია, რაც პრემიერმა ამ 1 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის გააკეთა... იმაზე აღარ ვსაუბრობ, რამდენ ადამიანს დაეხმარა... არის კიდევ ბევრი რამ, რაც ხმამაღლა არ ჟღერდება, არ ითქმის, მაგრამ ადამიანების მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება...
ქვეყნისთვის საქმის კეთება იყო, არის და იქნება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი პრიორიტეტი“, - წერს ნინო გიორგობიანი.