თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში ქურდობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი დიმიტრი მასპინძელაშვილი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის ჩადენაში სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 3 დეკემბერს, შუადღის საათებში, დიმიტრი მასპინძელაშვილი, მეუღლესთან ი.მ-სთან და გერთან - 6 წლის გ.მ-სთან ერთად, ქ. თელავში მივიდა თავის ნაცნობთან ელენე თუშიშვილთან და 50 ლარი სთხოვა. ელენე თუშიშვილმა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული თანხა არ გააჩნდა, ფულის სესხებაზე დიმიტრი მასპინძელაშვილს უარი განუცხადა, რის გამოც უარის მიღებით განაწყენებულმა დიმიტრი მასპინძელაშვილმა შურისძიების მიზნით ელენე თუშიშვილის მოკვლა განიზრახა.
2015 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე დიმიტრი მასპინძელაშვილი კვლავ მივიდა ელენე თუშიშვილის სახლში, მისი საძინებელი ოთახიდან აიღო ნაჯახი და განზრახ მოკვლის მიზნით ელენე თუშიშვილს თავის არეში ჩაარტყა, დანაშაულის ჩადენის იარაღი წაიღო და შემთხვევის ადგილი დატოვა. ელენე თუშიშვილი მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ჩადენილი დანაშაულის შენიღბვის მიზნით, დიმიტრი მასპინძელაშვილი მეუღლესთან და გერთან ერთად შემთხვევის ადგილას დაბრუნდა, ელენე თუშიშვილის ტელეფონიდან დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ელენე თუშიშვილის გვამი მისივე საცხოვრებელ სახლში ნახა და დახმარება ითხოვა.
სამართალდამცველებმა დიმიტრი მასპინძელაშვილი 2015 წლის 4 დეკემბერს ქ.თელავში დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ დიმიტრი მასპინძელაშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.