გერმანელმა მედიკოსებმა მსოფლიოში ღეროვანი უჯრედებს გადანერგვის შემდეგ აივისგან განკურნების მეხუთე შემთხვევა დააფიქსირებს. შესაბამისი კვლევა ჟურნალში Nature გამოქვეყნდა.
არსებული ინფორმაციით, ეს 53 წლის კაცია, რომელსაც „დიუსელდორფელ პაციენტს“ უწოდებენ. 2013 წელს მას სისხლის კიბოს გამო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია დასჭირდა. მისი დონორის ბიომასალა კი „ანტი-აივ“ მუტაციას შეიცავდა, რომელიც დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს აქვს.
მომდევნო 5 წლის განმავლობაში პაციენტი ანტივირუსული პრეპარატების მიღებას განაგრძობდა, 2018 წელ კი სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ მისი ორგანიზმიდან აივ-ინფექციის ყველა კვალი გაქრა. ექიმები პაციენტის კიდევ 4 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და ახლა დაადასტურეს, რომ ის მართლაც სრულად განიკურნა და საქმე ხანგრძლივ რემისიასთან არ გვაქვს.
53 წლის კაცი მსოფლიოში მესამე კაცი გახდა, რომელსაც ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ აივისგან სრულად განკურნებულად თვლიან. პირველი ასეთი ადამიანი ტიმოთი რეი ბრაუნი, იგივე „ბერლინელი პაციენტი“ გახდა. 2020 წელს ერთ-ერთი ლონდონელის აივისგან განკურნებაც დადასტურდა.
ამასთან, 2022 წელს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღეროვან უჯრედების გადანერგვის შემდეგ აივის სიმპტომები კიდევ 2 ამერიკელს გაუქრა. თუმცა ამ შემთხვევებში მეცნიერები მხოლოდ ხანგრძლივ რემისიაზე საუბრობენ, რადგან ოპერაციიდან საკმარისი დრო არ გასულა.
ამის გარდა, მედიკოსებმა დააფიქსირეს 2 შემთხვევა, როდესაც პაციენტები აივისგან საკუთარი იმუნიტეტის დახმარებით გამოჯანმრთელდნენ.