logo_geo
eng_logo
ილია მეორე: მინდა დავლოცო ის მილიონზე მეტი ემიგრანტი, რომელიც უცხოეთშია
- +

9 მარტი. 2016. 23:49


„როცა ვტოვებთ საქართველოს და მივდივართ სხვაგან, ჩვენ უფრო მეტად გვიყვარს საქართველო და ვინც რჩება საქართველოში, იმას უფრო მეტად უყვარს ის ადამიანი, რომელიც წავიდა საქართველოდან", - ასე მიმართა საპატრიარქოში შეკრებილ ქართველ წარჩინებულ ემიგრანტ ქალბატონებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.


საპატრიარქოში უწმინდესმა უცხოეთის 12 ქვეყანაში მოღვაწე 15 წარმატებული ქართველი ქალბატონი და მათი თანმხლები უცხოელი სტუმრები მიიღო. ღონისძიება ორგანიზებული იყო პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის, დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა და ორგანიზაცია "მე დავბრუნდების" მიერ. შეხვედრას ასევე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი ესწრებოდა.


"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში მოწვეული თხუთმეტივე ქალბატონი უფრო სოციალური კუთხით შეარჩიეს და არა მათი სახელგანთქმული მოღვაწეობის გამო.


შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ისრაელში მოღვაწე სესილი ბენიაშვილი, გერმანიიდან - რუსუდან სამნიძე-მაკოვსკი, საბერძნეთიდან ლეილა სონღულაშვილი, ჰოლანდიიდან დალი უბილავა, შვედეთიდან ლელა კუხიანიძე, ამერიკიდან ირინა მიქაბერიძე, ასევე იტალიის, თურქეთის, ისრაელის და სხვა ქართული დიასპორების წარმომადგენლები.


თითოეულმა ქალბატონმა პატრიარქს საკუთარი მოღვაწეობისა და ცხოვრების ისტორიები მოუთხრო. შეხვედრის დასასრულს კი პატრიარქმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა.


"საოცარი ხალხი ვართ ჩვენ, ქართველები. როცა ვტოვებთ საქართველოს და მივდივართ სხვაგან, ჩვენ უფრო მეტად გვიყვარს საქართველო და ვინც რჩება საქართველოში იმას უფრო მეტად უყვარს ის ადამიანი, რომელიც წავიდა საქართველოდან. მე მახსენდება შემთხვევა, გერმანიაში ვიყავი, ქართველი სტუდენტები მოვიდნენ და ყველას რაღაცის გამოთქმა უნდოდა, თბილი სიტყვა უნდოდა ეთქვა ჩემთვის. ერთმა გოგონამ მითხრა, უწმინდესო თქვენ გვიყვარხართ, როგორც საქართველო. მეც მინდა ასევე მოგმართოთ, ძალიან გვიყვარხართ როგორც საქართველო გვიყვარს. მე მინდა დავლოცო ყველანი. მინდა დავლოცო ის მილიონზე მეტი ემიგრანტი, რომელიც უცხოეთშია. მათ გულში საქართველო ცოცხალია", - აღნიშნა უწმინდესმა.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner