მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთი კანდიდატი 54 წლის ირაკლი მეძმარიაშვილი იქნება.
ცნობისთვის, სეოკ-ის წესდების თანახმად, ორგანიზაციის პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელიწადი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში. სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევა ხდება ოთხი წლის ვადით და შესაძლებელია არჩეულ იქნას ხელმეორედ.
შეგახსენებთ, რომ მეძმარიაშვილი ქართული სპორტისთვის უცხო კაცი ნამდვილად არაა. ჯერ კიდევ 2002-2004 წლებში ის საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გახლდათ, 2004-2008 წლებში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი იყო, ხოლო 2006-2009 წლებში - საქართველოს ეროვნული სტადიონის გენერალური დირექტორი. ამას გარდა, მეძმარიაშვილი ფიფა-ს საფეხბურთო აგენტია 2005 წლიდან, 2012-დან კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელია ევროპის ქვეყნებში.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 1989 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ კონფერენციაზე დაარსდა, რომელსაც 337 დელეგატი ესწრებოდა.
სეოკ-ის პირველ პრეზიდენტად მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი აირჩიეს, ვიცე-პრეზიდენტებად კი - ვიქტორ სანეევი, თენგიზ გაჩეჩილაძე და პაატა ნაცვლიშვილი, გენერალურ მდივნად - დავით კინწურაშვილი.
1991 წლიდან 2008 წლამდე სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი გახლდათ.
1996 წლის 13 დეკემბერს საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე სეოკ-ის მეორე პრეზიდენტად ჯანსუღ ბაგრატიონი აირჩიეს, ვიცე-პრეზიდენტებად - თამაზ იმნაიშვილი, რუსუდან სიხარულიძე და მამუკა ხაზარაძე.
2004-2007 წლებში სეოკ-ის პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი იყო, ვიცე-პრეზიდენტები - ლერი ხაბელოვი და გოგი თოფაძე.
2008 წლის საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე სეოკ-ის პრეზიდენტად არჩეულ იქნა გია ნაცვლიშვილი, პირველ ვიცე-პრეზიდენტად - რამაზ გოგლიძე, ვიცე-პრეზიდენტებად - დავით გობეჯიშვილი და ვახტანგ გეგელია, ხოლო გენერალურ მდივნად - ალექსანდრე ბითაძე.
2012 წელს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე აირჩიეს სეოკ-ის ახალი ხელმძღვანელობა: პრეზიდენტი - ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები - ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი - ემზარ ზენაიშვილი.
1992 წლის 9 მარტს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სეოკ-ი დროებით და პირობითად აღიარა, 1993 წლის 23 სექტემბერს მონაკოში გამართულ სოკ-ის 99-ე სესიაზე კი თავის სრულუფლებიან წევრად მიიღო.
სეოკ-ს აქვს განსაკუთრებული უფლება საქართველო წარადგინოს ოლიმპიურ თამაშებზე და სეოკ-ის სხვა შეჯიბრებებზე. იგი ადგენს და ხელმძღვანელობს საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციებს. მონაწილეობს ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამებში.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით და მოწოდებულია ხელი შეუწყოს ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის განვითარებას ქვეყანაში.