თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში ბრალდებული შვიდი პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის თებერვალსა და მარტში, „ქურდული სამყაროს“ წევრები თბილისში, ქუთაისში და ბათუმში მოდავე მხარეებს შორის, „კანონიერი ქურდების“ დავალებით „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ და დაზარალებულებს ფულადი თანხის გადახდას სთხოვდნენ. ამასთან, სადაო საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, ბრალდებულები უცხო ქვეყანაში გადავიდნენ, სადაც „კანონიერი ქურდების“ მონაწილეობით ქურდული გარჩევა მოაწყვეს, რაშიც „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი პირიც მონაწილეობდა.
პროკურატურამ ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223’-ე მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), სამ პირს - სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), ერთ პირს - სსკ-ის 223’’’-ე მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) და კიდევ ერთ ბრალდებულს - სსკ-ის 223”-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარუდგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ,,კანონიერ ქურდებს“ სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულებს - 7 წლით და 6 თვით, ხოლო „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში ბრალდებულებს 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.