ევროკავშირის ლიდერებმა სინანული გამოთქვეს მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ აუკრძალა ევროპარლამენტის წევრს ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით შესვლა.
ანა მირანდა, ევროპარლამენტარი მწვანეთა/ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფიდან, ორშაბათს საღამოს დაეშვა თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში ევროპარლამენტის ორი დელეგაციის რვა სხვა წევრთან ერთად, თუმცა ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით, მირანდა მადრიდის რეისით გადაიყვანეს.
„ეს არის დიპლომატიური კონფლიქტია და დაუშვებელია, რომ ისრაელი ახორციელებს კონტროლს დელეგაციის წევრებზე, რომლებიც მიემგზავრებიან პალესტინაში და არა ისრაელში“, - განუცხადა მირანდამ POLITICO-ს.
ევროკავშირში ისრაელის მისიის სპიკერმა განაცხადა, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ანა მირანდა არ შეუშვეს, არის ის, რომ იგი ცდილობდა ისრაელში არალეგალურად შესვლას. საუბარია ანა მირანდას მონაწილეობაზე 2015 წლის ფლოტილაში, რომელიც მიზნად ისახავდა ისრაელის მიერ ღაზას საზღვაო ბლოკადის გარღვევას.
ანა მირანდას თქმით, ბენ გურიონის აეროპორტში სამი საათის განმავლობაში ყოფნისას მესაზღვრე ქალმა არაერთხელ უთხრა მას გაჩუმებულიყო და როდესაც მირანდამ აუხსნა, რომ ის ევროპარლამენტარი იყო, მესაზღვრემ უპასუხა: „რა არის ევროპარლამენტი?“
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ იმედგაცრუება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ის დაუკავშირდება ისრაელის ხელისუფლებას პასუხების მოთხოვნით და ასევე მოიწვევს პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებს შემდეგი ნაბიჯების განსახილველად.
ნაბილა მასრალიმ, ევროკომისიის წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში, განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ყველა არჩეული დეპუტატისა და ევროპარლამენტის მიმართ პატივისცემა აუცილებელია ევროკავშირსა და ისრაელს შორის კარგი ურთიერთობებისთვის.