logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: რამაზ ლომინაძე შეუდარებელი და განუმეორებელი უმცროსი ძმა იყო ჩემთვის
- +

23 თებერვალი. 2023. 20:16

 

 

რამაზ ლომინაძე

*******

დღეს, 23 თებერვალს, ამ უღირსეულესი კაცის და მოღვაწის დაბადების დღეა.

 

...პირველ კურსზე იყო, ჩემმა უფროსმა მეგობარმა, პროფესორმა და თბილისის ერთ-ერთმა კოლორიტმა კოტიკო ლომინაძემ რომ გამაცნო და მთხოვა, მისთვის უფროსი ძმობა გამეწია. მას შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა.

 

ვერ გეტყვით, როგორი უფროსი ძმა ვიყავი მისთვის, მაგრამ ის რომ შეუდარებელი და განუმეორებელი უმცროსი ძმა იყო ჩემთვის, ხატზე დავიფიცებ.

 

ყველაზე უმძიმეს დღეებში, მოსკოვში,  გვერდიდან არ მომშორებია. მამხნევებდა. როგორც პატარა ბავშვს, ისე მივლიდა, თავისი ხელით მაჭმევდა და მასმევდა...

 

თან მახლდა, ვითომ პირადი ექიმის რანგში, ყველა უმძიმეს პოლიტიკურ „გარჩევაზე“,  დისკუსიაზე, ყველა „დაკითხვაზე“. იქნებოდა ეს სობჩაკის თუ სხვა მრავალრიცხოვან კომისიებსა თუ იმდროინდელ პოლიტ- „კაციჭამიებთან“ პირისპირ შეხვედრებისას. ის იყო ჩემი კონტროლიორი, ცენზორი, მრჩეველი და ანალიტიკოსი. მის გარეშე, პრაქტიკულად, ნაბიჯსაც ვერ ვდგამდი, რამეთუ იმ დროს, იმ ქალაქში, მიუხედავად მრავალრიცხოვან ნაცნობ-მეგობართაგან, ვერავინ შეედრებოდა ჩვენ რამაზს ერთგულებასა და გულშემატკივრობაში...

 

შემდგომშიც გაგრძელდა ძმობა. სხვადასხვა დროს, ჩემი ხელქვეითიც გახლდათ, „დიდ“ მმართველ „დაწესებულებაში“, თანაც საკმაოდ მაღალ რანგში და იქაც შეუშლელი იყო თანამდებობრივ უფროს-უმცროსობისას, განუმეორებელი - პასუხისმგებლობის გრძნობით და ადამიანებთან ურთიერთობაში.

 

ერთი პერიოდი კურატორობდა მეცნიერებათა აკადემიას  და მისი პრეზიდენტი ა.თავხელიძე აღტაცებული იყო აკადემიურ წრესთან რამაზის ურთიერთობის დახვეწილობით. სხვათაშორის, სისხლ-ხორცში გამჯდარ ამ ინტელიგენტურ სტილს აღიარებდა მის თანატოლთა ის თაობაც, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დღესაც მოქმედებს „მეცნიერთა კონგრესის“ სახელით და რომლის ერთ-ერთი ლიდერი და სპიკერი რამაზ ლომინაძე გახლდათ.

 

ასევე, „მუნჯის ენა დედამ იცის“ - ამ პრინციპით მოქმედებდა რამაზი სპორტის სფეროშიც, რომლის კონტროლი და ხელშეწყობა ევალებოდა მას, როგორც მაღალ პარტიულ ფუნქციონერს...

 

გულისტკივილით უნდა გავიხსენო ერთი სამარცხვინო მომენტი, როცა უსამართლოდ მოქცევა დაუპირეს პარტიულმა „ბოსებმა“, მაგრამ... ფეხი არ ჩაუვიდათ, რამეთუ რამაზს არ მიეკარა ტალახი, მით უმეტეს ნასროლი  იმ კაცუნებისგან, რომლებსაც ღირსება თანამდებობების ატრიბუტი ეგონათ და ახლა, როცა სკამებით გაბღენძილი „მურტალოები“ ადრინდელივით ვეღარ „იბრიქებიან“, ის ე.წ. „ღირსებაც“ სადღაც „დაეკარგათ“, თუმც, რაც არ ჰქონდათ, რას დაკარგავდნენ...

 

აი, რამაზს, ეგ ზნეობრივი სიმდიდრე ჰქონდა და სიცოცხლის ბოლო წუთამდე  თავაწეულმა, მხრებგაშლილმა ატარა.

 

ამ სიამაყეს ხელს უწყობდა მშობლიურთან ერთად მის მიერ უღირსეულეს ქალბატონთან- მარინა ვეკუასთან შექმნილი ოჯახი, შვილები, უერთგულეს ახლობელ-მეგობართა წრე, თანამოაზრეები, კოლეგები და სტუდენტები, რომელთათვის რამაზი ურთიერთობის ეტალონი გახლდათ და უსაზღვრო პატივისცემის ობიექტი.

 

ამაზე მეტყველებს ის ალალი ცრემლი და მასთან გამოთხოვების გულწრფელ მსურველთა გასაოცარი სიმრავლე.

 

ასეა. თბილისი, საზოგადოება არავის უკარგავს დამსახურებას. მით უმეტეს, ზნეობრივს!

 

... გული მწყდება რომ იმ ტკივილიან დღეებში ვერ მოვახერხე მასთან გამომშვიდობება, არადა მისი უეცარი სიკვდილით ზარდაცემულს ლამის სისხლი ჩამექცა.

 

ჩემი თაობა ძნელად. მაგრამ თანდათან შეეჩვია იმიერში გადასვლის გარდუვალობას. ოღონდ აუტანელია იმის შეგნება. რომ ზოგიერთები ნამეტნავად "აჩქარდნენ".

 

რამაზმა ბევრს დაგვასწრო. ეს იყო, მგონი, ერთადერთი უსამართლობა, რომელიც ამ ნათელმა და კრისტალივით სუფთა „ბიჭმა“ ბრძნულ ასაკში ჩაიდინა...

 

რამაზ ლომინაძეს და მის დაბადების დღეს გაუმარჯოს იმიერში!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner