ა.წ. 23 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსა და შპს „გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს სასულიერო პირებისა და მათი ოჯახის წევრების გულ-სისხლძარღვთა უფასოდ გამოკვლევას.
კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის, ბ-ნ რევაზ ჯორბენაძის განცხადებით, „გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ წინასწარ განსაზღვრულ დღეებში ასევე უფასოდ ატარებს კვლევებს სოციალურად დაუცველთათვის, პედაგოგებისთვის, ვეტერანებისა და დევნილებისთვის.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა კლინიკის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის, დალოცა ისინი და შემდგომი წარმატებები უსურვა.