მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე, საქართველოს პრემიერის ინიციატივას, ექსპერტი ლევან კალანდაძე დადებითად აფასებს.
ექსპერტის თქმით, დღეს ხელისუფლება, ისე როგორც არასდროს, გახსნილია ბიზნესისთვის.
„მთავარია, რომ დღეს ხელისუფლება, როგორც არასდროს, არის ძალიან გახსნილი, ღია, ბიზნესის პრობლემებთან დაკავშირებით. დაწყებულია უკვე ბოლო წლების განმავლობაში ძალიან სერიოზული კომუნიკაცია ბიზნესთან, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესია ამ შემთხვევაში აქტუალური. კომუნიკაცია არა მხოლოდ იმისთვის, რომ კომუნიკაცია იყოს, არამედ, კომუნიკაცია იმისთვის, რომ კომუნიკაცია აისახოს გადაწყვეტილებებში და კონკრეტულ პრიორიტეტებში", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზეც იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენელი უნდა იყოს პრემიერთან საბჭოში.
„ანუ ეს იქნება გარკვეული ფილტრი, მცირე ბიზნესზე ორიენტირებული საკანონმდებლო აქტების ცვლილებების და აქედან გამომდინარე, ძალიან კარგია, რომ ხელისუფლებას აქვს მზაობა. დანარჩენი, როგორ წარიმართება მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ძირითადი მიმართულებები, ეს დამოკიდებულია თავად მცირე ბიზნესის და ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობაზე. ავღნიშნოთ ისიც, რომ მცირე ბიზნესი ყოველთვის მაინც ყოველთვის მაინც პასიურ მდგომარეობაში იყო. დღეს ხელისუფლება მცირე ბიზნესს აძლევს გააქტიურების და პოლიტიკის ფორმირებაში აქტიური ჩართვის საშუალებას, რომელმაც ეს შესაძლებლობა უბრალოდ, უნდა გამოიყენოს", - აღნიშნა ექსპერტმა.
შეხვედრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს მთავრობის 4-პუნქტიანი პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამას შეუძლია, მოიტანოს მნიშვნელოვანი გარღვევა ქვეყნის ეკონომიკაში.
შეხვედრას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და მცირე და საშუალო ბიზნესის 100 წარმომადგენელი ესწრებოდა.