ავტორი ანა ნონიკაშვილი
„არ მგონია, არჩევნებზე, ბურჭულაძის პარტიას ან მათ პოლიტიკურ გაერთიანებას რაიმე სერიოზული პერსპექტივა ჰქონდეთ, ამიტომ ნაკლებად მნიშვნელოვანია, ისინი ცალ-ცალკე გამოვლენ თუ ერთად",- ამ სიტყვებით აფასებს „რეპორტიორთან" საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პაატა ბურჭულაძის პარტიის გიორგი ვაშაძესთან, „გირჩთან" და „ახალ მემარჯვენეებთან" გაერთიანებას.
კობახიძის განცხადებით, აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება „ნაციონალურ მოძრაობასთან" არის კავშირში და მის იდეოლოგიას ახორციელებენ.
„ბურჭულაძის გაერთიანებას დიდი მნიშვნელობის მოვლენად არ განვიხილავ. ეს პოლიტიკური გაერთიანება „ნაციონალურ მოძრაობასთან" არის კავშირში. ისინი არიან „ნაციონალების" წახნაგები და მათი იდეოლოგიის განმახორცილებლები.
ვაშაძე იქნება თუ „გირჩი", ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის" წიაღში შექმნილი პარტიები, მათი თანამებრძოლები და თანაგუნდელები, რომლებიც გაიყვნენ. ვფიქრობ, რომ ისინი თანამონაწილეები არიან იმის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა.
პაატა ბურჭულაძის კავშირები სააკაშვილთან და მის გუნდთან, ვიზიტები უკრაინაში, რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებდა. ხოლო მათი ერთობა კიდევ უფრო ცხადყოფს „ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირს",- განაცხადა კობახიძემ.