logo_geo
eng_logo
„თუ ბუნებამც არ უშველა“
- +

24 თებერვალი. 2023. 15:37

 

 

„საქართველო უპირველეს ყოვლისა“ არის სრულყოფილი კვინტესენცია საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების რაობისა. ამ ცნობიერებით გვზრდიდნენ ჩვენი დიდი წინაპრები, ფარნავაზიდან და ქუჯიდან მოყოლებული. საუკუნის წინ, ნიკო ლორთქიფანიძის მიერ სიმწრით ნათქვამი, „იყიდება საქართველო“, გაფრთხილებაც არის და მოწოდებაც შემდგომი თაობებისთვის, რომ ხმალშემართული დავხვდეთ ქვეყნის ღალატის ნებისმიერ გამოვლინებას. 

 

გულისტკივილამდე სამწუხაროა იმის აღიარება, რომ შენი ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის გამარჯვებისთვისაც ქვეყანამ, ხალხმა, დიდი ძალისხმევა გაიღო, ისე რომ, თვითონ კანდიდატს თითი თითზე არ დაუკარებია, რადგან ამის არანაირი უნარი და პიროვნული რესურსი არ გააჩნდა, უფრო მეტიც, არ გააჩნდა არანაირი ავტორიტეტი და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს მოახერხა და მისი პერსონის მიმართ დააგროვა (დამატებით) დიდი ნეგატიური მუხტი, დღეს საქართველოს დაზიანებაზეა ორიენტირებული.

 

ჟანრის კლასიკაა, რომ დაუმსახურებლად მიღებული პასუხისმგებლობის წნეხმა, დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო დაამცრო და დააკნინა მისი ისედაც მწირი ქართული ცნობიერება და კერძო ინტერესზე გაცვლილი პატრიოტიზმი. აღმოჩნდა, რომ ქართველად დაბადება დარჩა ერთადერთ ნიშნად მისი ქართველობისა, რაც შვიდი ათეული წლის განმავლობაში ვერ გადაიზარდა მენტალურ ქართველობაში. ამას ემატება პოლიტიკის ცოდნის დაბალი ხარისხი, უფრო მძიმედაც ვიტყოდი, სრული უუნარობა ამ ცოდნის მიღებისა. 

 

ამ ყოველივეს მხოლოდ ზოგადი განათლების ნაკლებობას ან უნიჭობას ვერ დავაბრალებდი. ის, რისი ცოდნაც პრეზიდენტს მოეთხოვება, სამშობლოს სიყვარულზე გადის, რომლის გარეშეც სხვა ყველა ნიჭი, უბრალოდ, არ არსებობს. აკაკის გენიალობა ოცდამეერთე საუკუნის პერსონაჟების შეცნობაშიც გვიწევს დიდ სამსახურს - „მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა“. განსაკუთრებით სამწუხარო ის გახლავთ, რომ ქალბატონი სიმბოლოდ სახელდებულის მხრიდან, სამშობლოს სიყვარულის დეფიციტი, უფრო მეტიც, სამშობლოს განცდის დეფიციტი ქართველ საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, აღიარებული სავალალო მოცემულობაა.

 

ოცდაოთხ თებერვალს ფაქტს ფაქტი დაემატა, არგუმენტს - არგუმენტი. უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დავინახეთ კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ ამ, ჩვენდა სამარცხვინოდ, პრეზიდენტის რანგში წარმოდგენილს, დამკვეთების საამებლად (სხვა სიტყვებით ამას „საგარეო ვალის“ დაბრუნება ჰქვია), ხაზგასმული ბოღმითა და ღვარძლით,  გამოევლინა მორიგი „განწირული სულისკვეთება“ სახელმწიფოს იმიჯის შესალახად.

 

მკითხველი დაინახავდა, რომ მაქსიმალურად ვეცადე, მოზომილი ვყოფილიყავი ეპითეტების შერჩევაში. ჩემი, როგორც მოქალაქის მოვალეობად მიმაჩნია, გავუფრთხილდე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუციის ავტორიტეტს, რათა მომდევნო რჩეულს არ დახვდეს ბინძური ნარჩენებით დალაქავებული სავარძელი.

 

ბიძინა  დვალი

24.02.2023 წ. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner