logo_geo
eng_logo
ჩინეთი უკრაინაში კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების შესახებ 12-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს
- +

25 თებერვალი. 2023. 01:08

ოფიციალურმა პეკინმა უკრაინაში კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების მიზნით 12-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა. შესაბამის განცხადებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

1. ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა ეფექტურად უნდა იყოს დაცული. ყველა ქვეყანა, დიდი თუ პატარა, ძლიერი თუ სუსტი, მდიდარი თუ ღარიბი, საერთაშორისო საზოგადოების თანაბარი წევრია. ხელი უნდა შეეწყოს საერთაშორისო სამართლის თანაბარ და ერთგვაროვან გამოყენებას, ხოლო ორმაგი სტანდარტები უარყოფილი უნდა იყოს.

2. ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა: რეგიონის უსაფრთხოება არ უნდა იყოს მიღწეული სამხედრო ბლოკების გაძლიერებით ან გაფართოებით. ყველა ქვეყნის უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესები და შეშფოთება სერიოზულად უნდა იქნას მიღებული და სათანადოდ განხილული. რთული საკითხის მარტივი გადაწყვეტა არ არსებობს. ყველა მხარემ უნდა დაიცვას საერთო, ყოვლისმომცველი, თანამშრომლობითი და მდგრადი უსაფრთხოების ხედვა.

3. საომარი მოქმედებების შეწყვეტა: ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება, თავიდან აიცილოს დაძაბულობის გამწვავება და კრიზისის შემდგომი გაუარესება. ყველა მხარემ უნდა დაუჭიროს მხარი რუსეთსა და უკრაინას, რომ ერთი მიმართულებით იმუშაონ და რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ პირდაპირი დიალოგი, რათა ეტაპობრივად მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და საბოლოოდ ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა.

4. სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება: დიალოგი და მოლაპარაკება უკრაინის კრიზისის ერთადერთი ეფექტური გამოსავალია. ყველა ძალისხმევა, რომელიც ხელს უწყობს კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას, უნდა წახალისდეს და მას მხარი უნდა დაუჭირონ. ჩინეთი გააგრძელებს ამ კუთხით კონსტრუქციული როლის შესრულებას.

5. ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება: ყველა ზომა, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქებას, უნდა წახალისდეს. ჰუმანიტარული ოპერაციები უნდა ემორჩილებოდეს ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს და არ უნდა მოხდეს ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირება. მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება ეფექტურად უნდა იყოს დაცული და უნდა შეიქმნას ჰუმანიტარული დერეფნები კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. საჭიროა ძალისხმევა, რათა გაიზარდოს ჰუმანიტარული დახმარება შესაბამის სფეროებში, გაუმჯობესდეს ჰუმანიტარული პირობები და უზრუნველყოფილი იყოს სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობა.

6. მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვა: კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა მკაცრად უნდა დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, თავი აარიდონ მშვიდობიან მოსახლეობაზე ან სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას, დაიცვან ქალები, ბავშვები და პატივი სცენ ტყვეთა ძირითად უფლებებს. ჩინეთი მხარს უჭერს ტყვეთა გაცვლას რუსეთსა და უკრაინას შორის და მოუწოდებს ყველა მხარეს, შექმნან უფრო ხელსაყრელი პირობები ამ მიზნით.

7. ატომური ელექტროსადგურების დაცვა: ჩინეთი ეწინააღმდეგება შეიარაღებულ თავდასხმებს ატომურ ელექტროსადგურებზე ან სხვა მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე და მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან საერთაშორისო სამართალი, მათ შორის ბირთვული უსაფრთხოების კონვენცია.

8. სტრატეგიული რისკების შემცირება: ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული და ბირთვული ომი არ უნდა მოხდეს. ჩინეთი ეწინააღმდეგება ნებისმიერი ქვეყნის მიერ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კვლევას, განვითარებასა და გამოყენებას ნებისმიერ პირობებში.

9. მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობა: ყველა მხარემ უნდა განახორციელოს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელსაც ხელი მოაწერეს რუსეთმა, თურქეთმა, უკრაინამ და მხარი დაუჭიროს გაეროს ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლის შესრულებაში.

10. ცალმხრივი სანქციების შეჩერება: ცალმხრივი სანქციები და მაქსიმალური ზეწოლა ვერ გადაჭრის საკითხს. ეს მხოლოდ ახალ პრობლემებს ქმნის. ჩინეთი ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ არასანქცირებულ ცალმხრივ სანქციებს. შესაბამისმა ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ ცალმხრივი სანქციების ბოროტად გამოყენება.

11. სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნება: ყველა მხარემ სერიოზულად უნდა შეინარჩუნოს არსებული მსოფლიო ეკონომიკური სისტემა და შეეწინააღმდეგოს მსოფლიო ეკონომიკის იარაღად გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის.

12. პოსტკონფლიქტური აღდგენის ხელშეწყობა: საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მიიღოს ზომები კონფლიქტის ზონებში პოსტკონფლიქტური აღდგენის მხარდასაჭერად. ჩინეთი მზადაა კონსტრუქციული როლი შეასრულოს ამ საქმეში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner