logo_geo
eng_logo
ნატოს განცხადებით, რუსეთის მცდელობები, შეცვალოს უკრაინელი მამაცი ხალხის გადაწყვეტილება, წარუმატებელია - ერთი წლის შემდეგ უკრაინელები ვაჟკაცურად იბრძვიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის
- +

24 თებერვალი. 2023. 21:48

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განცხადებას ავრცელებს.

„დღეს ერთი წელი გავიდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი,აგრესიული ომის დაწყებიდან, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენს უმძიმეს საფრთხეს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვისა და ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის. ჩვენ პატივს მივაგებთ უკრაინაში დაღუპულებს და ვგმობთ ადამიანების ტანჯვასა და ნგრევას, მათ შორის უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებს, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ წარმოებული უკანონო ომის შედეგად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ალიანსში აცხადებენ, რომ კიდევ უფრო აძლიერებენ უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რადგან უკრაინა იცავს თავს, და შეინარჩუნებენ ამ მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე ეს მხარდაჭერა საჭირო იქნება უკრაინის გამარჯვებისთვის.

„ამ კონტექსტში, ნატო გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით ევროკავშირთან, ისევე როგორც თანამოაზრე ქვეყნებთან. ჩვენ მტკიცედ ვრჩებით უკრაინის გვერდით უკრაინის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, დაიცვას ტერიტორია და თავად აირჩიოს უსაფრთხოების მექანიზმები.

რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა უკრაინაში მიმდინარე ომზე, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების აშკარა დარღვევებზე. რუსეთის ქმედებები უგულებელყოფს ეუთოს პრინციპებსა და ვალდებულებებს და ძირს უთხრის საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს კონსტრუქციულად ჩაერთოს უკრაინასთან არსებით მოლაპარაკებებში, რუსეთს არ გამოუჩენია მზაობა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ჩვენ ვინარჩუნებთ კოორდინირებულ საერთაშორისო ზეწოლას რუსეთზე. ჩვენ ასევე ვგმობთ ყველა იმ ქვეყნის ქმედებას, მათ შორის ბელარუსის, ვინც აქტიურად უწყობს ხელს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნატოში აცხადებენ, რომ არ შეიძლება რუსეთი ომის დანაშაულებისა და ჩადენილი სხვა სისასტიკეებისთვის დაუსჯელი დარჩეს.

„ყველა პასუხისმგებელმა პირმა ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის, განსაკუთრებით უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, ბავშვების დეპორტაციასა და ომის დროს სექსუალურ ძალადობაზე პასუხი უნდა აგოს. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ეს ომი და გაიყვანოს მთელი სამხედრო ძალები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის 2023 წლის 23 თებერვალს მიღებული რეზოლუციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის სხვა შესაბამისი რეზოლუციების შესაბამისად.

რუსეთის ომი საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული შანტაჟი, გავლენა სურსათის გლობალურ მიწოდებაზე, რუსეთის მავნე ჰიბრიდული აქტივობები, დეზინფორმაციული კამპანია მთელ მსოფლიოში და რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა აშკარად ადასტურებს რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების და მილიარდობით ადამიანის კეთილდღეობის უგულვებელყოფას მთელ მსოფლიოში. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისკენ სწრაფვას მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი. ჩვენ მნიშვნელოვნად ვაძლიერებთ ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკას და მზად ვართ ნატოს 360 გრადუსიანი მიდგომის შესაბამისად ყველა საფრთხისა და გამოწვევის დროს დავიცვათ მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი.

ნატოს წევრ ქვეყნებს აღებული აქვთ ვალდებულება დაიცვან ვაშინგტონის ხელშეკრულება და მათ შორის ორგანიზაციის წესდების მე-5 მუხლი. ნატო უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ მივესალმებით ფინეთისა და შვედეთის არჩევანს, გახდნენ ნატოს წევრები და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინასთან ჩვენი პარტნიორობის განმტკიცებას, რადგან უკრაინას აქვს პროგრესი ევროატლანტიკური მისწრაფების გზაზე. ჩვენ ასევე ვაძლიერებთ ჩვენს სხვა პარტნიორობას, მათ შორის იმ ქვეყნების დახმარებით, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დაუცველნი რუსეთის მავნე გავლენის პირისპირ.

რუსეთის მცდელობები შეცვალოს უკრაინელი მამაცი ხალხის გადაწყვეყილება წარუმატებელია. ერთი წლის შემდეგ უკრაინელები ვაჟკაცურად იბრძვიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ მათთან ერთად ვართ“, - აღნიშნულია ნატოს განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner