აშშ-ის არმიის მდივანმა, კრისტინ ვორმუტმა განაცხადა, რომ აშშ-ის არმიას ერთ წელზე მეტი შეიძლება დასჭირდეს უკრაინისათვის Abrams-ის ტანკების მიწოდებისთვის.
„ჩვენ განვიხილავთ რა არის ყველაზე სწრაფი გზა, რომლითაც შეგვიძლია ტანკები უკრაინელებს მივაწოდოთ. ეს არ იქნება კვირების საქმე. არცერთი ვარიანტი, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ, არ არის კვირების ან ორი თვის საქმე. უფრო ხანგრძლივი ვადებია. თუმცა, ვფიქრობ, არის ვარიანტები, რომელიც ორ წელზე ნაკლებია, წელიწადნახევარზე ნაკლები. თუმცა, უნდა შევხედოთ თითოეული მათგანის დადებით და უარყოფით მხარეებს. ვფიქრობ, ჯერ კიდევ გასარკვევია, შესაძლებელი იქნება თუ არა ტანკების წლის ბოლომდე მიწოდება“, - აღნიშნა კრისტინ ვორმუტმა.
25 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის 31 ტანკს გადასცემს.
„Abrams-ის ტანკები მსოფლიოში ყველაზე ბრძოლისუნარიანი ტანკებია. ასევე უკიდურესად კომპლექსურია ექსპლუატაციისა და მომსახურების კუთხით. ამიტომ ჩვენ ასევე ვაძლევთ უკრაინას სათადარიგო ნაწილებსა და აღჭურვილობას, რომელიც აუცილებელია ამ ტანკების ეფექტურად მართვისთვის ბრძოლის ველზე. ჩვენ დავიწყებთ უკრაინული ჯარების მომზადებას ამ საკითხებზე, რაც შეიძლება მალე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.