ავტორი მარიამ პაიჭაძე
27 აგვისტოს კინოთეატრ „რუსთაველში" გოგა ხაინდრავას ფილმის „ჰეროკრატიას" პრემიერა გაიმართა. პრემიერას ესწრებოდნენ პრესის წარმომადგენლები და ყოფილი პოლიტპატიმრები, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმის დროს პირადად გადაიტანეს არაერთი ტანჯვა და შეურაცხყოფა. ექსპერტი ვახტანგ მაისაია ერთ-ერთია ამ ყოფილ პოლიტპატიმართა შორის. „რეპორტიორთან" ინტერვიუში მაისაია „ჰეროკრატიას" აფასებს და ამბობს, რომ ფილმი 99%-ით ასახავს იმ რეალობას, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეებში არსებობდა.
- რამდენიმე დღის წინ გოგა ხაინდრავას ფილმ „ჰეროკრატიას" ჩვენება გაიმართა. როგორ შეაფასებდით და რამდენად შეესაბამება იმ რეალობას, რაც „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებობდა?
- ფილმის პრემიერაზე ვიყავი მიწვეული, ისევე, როგორც სხვა პოლიტმატიმრები და რეპრესირებული ადამიანები. „ჰეროკრატიაში" 3-4 ეპიზოდი არის სწორედ ჩემს ისტორიაზე.
რაც შეეხება ფილმს, საკმაოდ მძიმე სანახავია. ბევრმა ვერ გაუძლო და დატოვა დარბაზი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ პირველი სერია გაცილებით მსუბუქი სანახავია და არსებობს უფრო მძიმე კადრებიც, რომლებიც ეხება სანდრო გირგვლიანის, სერგო თეთრაძისა და სხვების საქმეებს. რა თქმა უნდა, ფილმი სრულიად რეალურია და 99%-ით ასახავს იმ რეალობას, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეებში არსებობდა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გოგა ხაინდრავას და მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამისთვის.
ვისაც გულის და სხვა სერიოზული დაავადება აქვს, არ ვურჩევ ამ ფილმის ყურებას, იმდენად მძიმე სანახავია. ჩვენთვისაც კი, ვინც ეს ყველაფერი გამოვიარეთ, არ ჩაუვლია ცრემლის გარეშე ამ ჩვენებას. ფილმი არის სიურრეალისტური ნამუშევარი, რომელიც ფაქტობრივად, უფრო დოკუმენტური ჟანრის არის, ვიდრე - მხატვრული.
- „დავპირდი საზოგადოებას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ნიურნბერგის პროცესს მოვუწყობდი და მოვუწყვე კიდეც", - ამბობს რეჟისორი გოგა ხაინდრავა ერთ-ერთ ინტერვიუში. თქვენი აზრით, შეძლო თუ არა ამ მიზნის მიღწევა ხაინდრავამ?
- აბსოლუტურად მიაღწია! ეს არის ჩვენი მომავალი თაობებისთვის დარჩენილი ისტორიული ტიპის დრამა. აქვე ერთ მაგალითს მოგიყვანთ: თავის დროზე, საბჭოთა პერიოდში მსოფლიოში ცნობილმა რეჟისორმა მიხეილ რომმა გადაიღო უნიკალური ფილმი „ჩვეულებრივი ფაშიზმი", რომელიც გახდა ერთგვარი გამასამართლებელი საბუთი ნაციზმის წინააღმდეგ. ასეთივე რანგის ფილმი არის „ჰეროკრატია".
გოგა ხაინდრავამ ამ ფილმით არამარტო მიაღწია „ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას, არამედ დიდი როლი ითამაშა სამართლიანობის აღდგენის საქმეში.
- თქვენც აღნიშნეთ, რომ ფილმში მრავლადაა მძიმე სცენები, თუმცა, ხაინდრავას თქმით, ფილმი უნდა ნახოს განურჩევლად ყველამ, ბავშვმაც და დიდმაც. თქვენი შეფასებით, მიზანშეწონილია თუ არა, ეს ფილმი მცირეწლოვანმა ბავშვებმა ნახონ?
- მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ფილმის ნახვა რეკომენდებული არ არის, იმდენად მძიმე სანახავია, მაგრამ სრულწლოვანმა ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა ნახონ ეს ფილმი. ეს არის მათთვის, რომ არ დაუშვან ასეთი არაადამიანური რეჟიმის ხელისუფლებაში მოყვანა და იმ საშინელების გამეორება.
აქვე, შემომაქვს ინიციატივა, რომ მე-8 საპყრობილე გაუქმდეს და შეიქმნას ადამიანების წამებისა და სისხლიანი რეჟიმების მუზეუმი. ოკუპაციის მუზეუმთან ერთად, უნდა იყოს პოლიტიკური რეპრესიების ამსახველი მუზეუმი.
„ჰეროკრატია" ხალხს უნდა ანახონ სწორედ ამ მუზეუმის ფორმატში. ვიმეორებ, მე-8 საპყრობილე უნდა გაუქმდეს და იქ უნდა შეიქმნას მუზეუმი.
- რას ემსახურება „ჰეროკრატია" და რას შეცვლის ადამიანთა ცნობიერებაში?
- ეს ფილმი არის ერთგვარი ისტორიული დოკუმენტი იმისა, თუ როგორ არ შეიძლება ცხოვრება. „ჰეროკრატია" არის იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება და რომ ის ყველაფერი, რაც ფილმშია ნაჩვენები, არაფრით არ უნდა დაუშვან.
ეს ფილმი არის მომავალი თაობებისთვის, რომლებმაც არათუ შეცდომა უნდა გამოასწორონ, არამედ არ უნდა დაუშვან ასეთი სასტიკი, არაადამიანური პოლიტიკური რეჟიმის არათუ მოყვანა ხელისუფლებაში, არამედ თუნდაც მცდელობა ასეთი ქმედებისა.
საზოგადოება ამ ჯალათებსა და მკვლელებს მიუჩენს სათანადო ადგილს, ამ პოლიტიკურ-დანაშაულებრივ ორგანიზაციას, რომელსაც ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელიც არის ქართული ნაციონალურ-სოციალისტური პარტია. ერთხელ და სამუდამოდ იქნას აკრძალული და ამოღებული პოლიტიკური ლექსიკონიდან, ხოლო მისი ლიდერები სათანადოდ დაისაჯონ. „ჰეროკრატია" არის სწორედ რეკვიემი მათთვის.