„ქართველი არ მეგულება, გუშინ უკრაინის ტრაგედიის წლისთავს რომ არ შეხებოდა. მსგავს მიდგომას დღეს ჩვენ მიმართ უკრაინის მხრიდან არც მოველოდი, მაგრამ რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს იდეოლოგიური წინაპრების მიერ ქართველი იუნკრების ამოხოცვის დღეს შოიგუს თაყვანისცემაში ჩვენი დადანაშაულება შეცდომა არაა, ენით აღუწერელი მკრეხელობაა!“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი წერს.
მისი თქმით, საქართველოს ოკუპაციის დაუსრულებლობაში წვლილი დასავლეთსაც მიუძღვის.
„დღეს ჩემი ვირტუალური დღე კვლავ ჩვენი ზოგიერთი სტრატეგიული პარტნიორის ცალკეულ წარმომადგენელთა შეშფოთებამ დაიწყო. ვიფიქრე, ოკუპაციის 102 წლისთავს ეხებოდა. შევცდი… დღეს, წესით და რიგით, ოკუპაციიდან 102 წლისთავი უნდა გაგვთენებოდა, საიდანაც ბოლო 32 წელი ბედნიერ და დამოუკიდებელ გარემოში ვითარდება სახელმწიფო, მაგრამ, „გლობალური ომის პარტიის“ ძალისხმევით, ოკუპაციის 102 წელი ჯერ არ დასრულებულა.
ვიხსენებდი და ვერ გავიხსენე დასავლეთის შეშფოთება, როდესაც ოკუპაციის „გამპრავებელ“ დოკუმენტზე, 2008 წლის ოქტომბერში „აგენტოკრატების“ ლაქიებმა თავის ხელმოწერით დაადასტურეს - კი, ჩვენი დაწყებული იყო ომი და ამით, ჩვენი ინიციირებული იყო ოკუპაციაო. ვერც მაშინ გავიხსენე შეშფოთება, აღნიშნული ღალატის გამო რომ ეს „ნეოტროცკისტები“ დაეტუქსათ. მაგრამ ერთი უწყინარი, დასავლურ კანონების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მყოფი, მოქმედების გამო შეშფოთების ნიაღვარი წამოვიდა იქიდან, ვის მიმართ ერთგულების გამოც ვისჯებით გარე და შიდა მტრების მიერ, რომლებიც, თქვენ მიმართ ღიად გაცხადებული მეგობრობის გამო, ღიად დაგვცინიან, დასავლელო პარტნიორებო.
რა ხდება? მიზანი რა არის? „ქვევრი“ გავტეხოთ? გვიბიძგებენ, გამოვცვალოთ საქართველოს დასავლური კურსი, როგორც კრემლისთვის ყელში გაჩხირული ძვალი? ანუ ვის თამაშს თამაშობთ? ანუ თქვენც, „ბრუტუს“?! რაღას გვაწვალებთ? მკაფიოდ ამოიღეთ ხმა, მინიშნებების გარეშე! ოღონდ დღეს არა, დღეს ჩვენს პატარა გოგო-ბიჭების შეწირულ სიცოცხლეებს დავტირით თქვენ გამო, დასავლელო მეგობრებო, დანთხეული სისხლის სახით შეწირულ ზვარაკებს. არ დაგვიდგეთ გვერდში, არ მოიხსენიოთ! ხელს მაინც ნუ შეგვიშლით - ნუ აღშფოთდებით დღეს მაინც. თქვენგან გამოსულ ამ კოლექტიურ „კრემლიზმს“ ჩვენ მაინც გავუმკლავდებით, თუნდაც იმ ძალის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, რომელიც თქვენთვის უცხო და შეუცნობადია, მაგრამ უფრო გავლენიანი და ყოვლისშემძლე. სწორედ მის დიდებულ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს - იბერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენებას!“, - წერს დავით ქართველიშვილი.