„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძის ფეისბუქ-პოსტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მოძრაობის მიერ დაანონსებული კანონპროექტი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული კანონიდან სიტყვა-სიტყვით ითარგმნება და ისე დაინიციირდება, თურმე მაინც რუსულია.
დავით ქართველიშვილი ხაზს უსვამს დეკანოიძის შეცდომას პოსტში, სადაც სიტყვა „ეროვნულის“ ნაცვლად „ერივნული“ ეწერა, ხოლო შემდეგ, შესწორების ნაცვლად ეს სიტყვა პოსტიდან საერთოდ გაქრა. მოძრაობის წევრის ირონიული განმარტებით, როგორც ჩანს, „ეს სიტყვა სექტაში აკრძალულია“:
„ხატია დეკანოიძემ დღეს ამერიკული FARA-ს კანონს - „რუსული“ უწოდა. ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, FARA დედანშივეა „რუსული“, თუ ასეთად იქცევა სიტყვა-სიტყვით თარგმნის შემდეგ. მე ჩავატარე პატარა ექსპერიმენტი: google translate-ში ჩავაგდე FARA-ს დედანი, „მიმღებში“ ქართული ენა მივუთითე. თარგმანი შედგა - კანონი translator-ის მარცხენა ფანჯარაში ისევ ამერიკულად დარჩა, ხოლო მარჯვენაში - ქართულად, რომელიც ალტერნატიული კანონპროექტის სახით დაარეგისტრირა „ხალხის ძალამ“.
მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნაცების კომპიუტერებში google-ი სხვანაირად მუშაობს. ანუ რომელი ამერიკული (ბრიტანული, ავსტრალიური, კანადური, ზელანდიური) კანონიც არ უნდა ჩააგდო მარცხენა ფანჯარაში, მარჯვენაში - გინდ ქართული ენა მიუთითო, გინდ ლათინური და გინდ სუახილი, შედეგს აგდებს რუსულად. ეს ფენომენი ამოუცნობია, თუმცა ფორმალურ მხარეს მიესადაგება. ჩვენ კი გავყვეთ დეკანოიძის შფოთის შინაარსს. აი, რა არ მოსწონს ხატიას FARA-ს დედანში:
„- ეხება ფიზიკურ პირებს;
- პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს;
- საბანკო სექტორს (სესხს ვინც გასცემს) ;
- მედიას;
- ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ეს კანონი ჩათვლის აგენტად;
- სამოქალაქო სექტორიდან ყველას.
ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (5 წლით თავისუფლების აღკვეთა ფიზიკურ პირს და ჯარიმა იურიდიულ პირს)“.
და ბოლოს, ქალბატონი დეკანოიძე დასძენს: „ერივნული მოვალეობაა ეს კანონი არ მიიღონ“ - აქ როგორც ჩანს, საკვანძო სიტყვის ფუძეა "ერივანი". უ-სამშობლოებს ისე უჭირთ მათთვის ამ სიტყვის სწორად წარმოთქმა (დაწერა), რომ „ფროიდისეულ“ უწყინარ შეცდომებს უშვებენ. ისე, FARA-სთან დაკავშირებით, ხატიას რიტორიკა პრო-ამერიკული, დემოკრატიული და არა-აგრესიული რატომაა?
P.S.: „ერივნულს“ რაც შეეხება - სანამ ვწერდი, წაშლა მოასწრო. არა ასოთა შეცვლა! არამედ - წაშლა. ვინაიდან, რომ გამოესწორებინა - „ეროვნული“ გამოდიოდა, ეს სიტყვა კი სექტაში აკრძალულია, მაგრამ სქრინების გაკეთება/შენახვა რომ ვიცით, ამას რა ვუყოთ?“, - წერს დავით ქართველიშვილი.