ავტორი მარიამ პაიჭაძე
გარდაცლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი „რეპორტიორთან" საუბარში გოგა ხაინდრავას ფილმ „ჰეროკრატიას" აფასებს და ამბობს, რომ ფილმი რეალურად ასახავს იმ მოვლენებს, რაც „ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში ციხეებში ხდებოდა.
მეტრეველი მადლობას უხდის გოგა ხაინდრავას და მთელ შემოქმედებით ჯგუფს იმ ძალისხმევისთვის, რაც მათ ფილმის გადაღებისთვის გაიღეს.
„მინდა, გოგა ხაინდრავას მადლობა გადავუხადო. ის არის მართლაც პროფესიონალი თავისი საქმის. სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმი, შავი ფურცლები საქართველოს ისტორიაში, რომელიც თავისივე ერს მოუწყო სააკაშვილმა, შემოენახება ისტორიას და არასდროს გაქრება, არასდროს დაავიწყდება ხალხს, ისევე როგორც გერმანია ვერ დაივიწყებს ფაშიზმს. ამისთვის დიდი მადლობა გოგა ხაინდრავას. ვთვლი, რომ ეს არის ზუსტად 21-ე საუკუნის ფაშიზმი უფრო პატარა მასშტაბებში. ეს ფილმი ასახავს იმ ჯოჯოხეთსა და საშინელებას, რაც ჩვენ გამოვიარეთ.
ახალგაზრდა სტუდენტი, რომელზეც ფილმში ერთ-ერთი ეპიზოდი იყო, დარბაზში იჯდა და როდესაც გამაცნეს, ისეთ ცუდად ვიყავი, ორი დღე მდგომარეობიდან ვერ გამოვდიოდი. ეს ფილმი უნდა ნახოს მთელმა საქართველომ", - აცხადებს ია მეტრეველი.
ია მეტრეველის შეფასებით, სწორი გადაწყვეტილებაა საზოგადოებისთვის „ჰეროკრატიას" არჩევნების წინა პერიოდში ჩვენება, რათა ხალხი მიხვდეს, ვის უკრავენ ტაშს და ვისი დაბრუნება სურთ პოლიტიკაში.
„ძალიან სწორია, რომ ამ ფილმს სწორედ წინასაარჩევნოდ აჩვენებენ, მათ, ვინც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას" ემხრობა, უნდა ნახონ, ვის უკრავენ ტაშს და ვისი დაბრუნება უნდათ. ეს ფილმი უნდა ნახოს მსოფლიომ, ელჩებმა, ევროკავშირმა და ამერიკამ.
„ჰეროკრატია" მართლაც იქნება „ნაციონალების" და სააკაშვილის კუბოზე ბოლო ლურსმანი და მათი პოლიტიკური მოღვაწეობის დასასრული.
ეს ფილმი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ამას წყალი არ გაუვა. მოხარული ვარ, რომ გოგამ ეს ფილმი გადაიღო და მადლობა მთელ მის შემოქმედებით გუნდს, რომელსაც უმძიმეს პირობებში უწევდა მუშაობა.
ჩემზე ცუდად არავინ არ არის, მაგრამ მე შევძელი და ვნახე ეს ფილმი, ამიტომ მოვუწოდებ საზოგადოებას, ყველამ ნახოს „ჰეროკრატია", რათა აღარასდროს დაუშვას ქართველმა ერმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება", - ამბობს ია მეტრეველი.