logo_geo
eng_logo
ამხანაგი ცენტრიდან (ციკლიდან „რა სურს ამერიკას?!“ - წერილი მეშვიდე)
- +

28 თებერვალი. 2023. 12:53

 

 

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ოფიცერ დეგნანს, ერთი შეხედვით, უწყინარი კითხვა გასჩენია - „რატომ იღებთ ამ კანონს?“ და ემანდ, ვინმემ პასუხის გაცემა არ გამიბედოსო (თურმე ძაან „ჩამჭრელი“ კითხვა ყოფილა), იქვე, თავისი დასკვნა-ვერდიქტიც დაურთავს - „საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება-ვო“(!!!).

 

ვადაამოწურულ, თავისი საბრძოლო გეგმების დასახულ მიზნებამდე ვერმიმყვან, მაგრამ მაინც მთავარი „მაყურებლის“ ამბიციით მოყელყელავე ქალბატონს (ქურქუმალებო, უცენზურო სიტყვათაწყობა არ გეგონოთ)  საუბრის ტონზე და „ასანკაზე“ ეტყობა, კუდის მწარედ მოქნევის ჟინით უნდა იყოს შეპყრობილი (რა არის „მუნდირის ღირსება“?).

 

„ამხანაგი ცენტრიდან“ ბეჭედდასმულ დასკვნასთან ერთად „ამომწურავ არგუმენტაციასაც“ წარმოადგენს - „არსებობს ძალიან დიდი გამჭვირვალობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება უცხოური წყაროებიდან ქართველების დახმარება“. ჩემი პატარა ამბროლაურის საკრებულოს რიგით ბოლო წევრზე უფრო ნაკლები პოლიტიკოსი და ნაკლები დიპლომატი, რაშიც არაერთხელ დავრწმუნდით, თემას „უფრო ფართოდ შლის“ და... ჩემი სიტყვებით რომ მეთქვა, უსათუოდ დამცინებდით, ამიტომ სიტყვა-სიტყვით გაახლებთ ავტორისეულ ტექსტს - „კანონპროექტი ხელს შეუშლის ქართველებს, რომლებიც ეხმარებიან სხვა ქართველებს, ქართველებს, რომლებიც ცდილობენ პრობლემების გადაჭრას თავიანთ თემებში და სთავაზობენ სერვისებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილებები, ახალგაზრდა ადამიანების, უნარშეზღუდული ადამიანების დახმარება.“ როგორია, ჰა?.. კომენტარი, „ვინც ხაშლამა შაშჭამა“, იმან გააკეთოს...

 

„ხალხის ძალამ“ და მმართველმა პარტიამ, დიპლომატიის სხვადასხვა ხარისხის დაცვით, ფრჩხილების ბოლომდე გახსნის გარეშე, დამაჯერებელი პასუხები წარუდგინეს „ყველა დაინტერესებულ მხარეს“. გულახდილად უნდა ვთქვა, ეს ყველაფერი არ მაკმაყოფილებს და როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრის მაღალი პასუხისმგებლობით აღჭურვილ პირს შეეფერება, გადავწყვიტე, „საჭირბოროტო“ კითხვას გავცე პირდაპირი პასუხი:

 

პატივცემულო „თანამდებობისთვის შეუფერებელო“, საქართველოს ეს კანონი სჭირდება თუ არ სჭირდება, ამის გადაწყვეტა, ვფიქრობ, ქართველ ხალხს უნდა ეკითხებოდეს - ეს იქნება ჩემი მკაცრი, მაგრამ დიპლომატიური პასუხი, ხოლო ზემოთ შეპირებული პირდაპირი პასუხი ასეთი გამოვა - ამოვიდა ყელში სხვისი ინტერესებითა და სხვისი კარნახით ცხოვრება, როდემდე უნდა ვიყოთ გამოკიდებული მოსკოვის კრემლსა და „ვაშინგტონის კრემლს“ შორის ხაკისფრად მოლივლივე უჰაერო სივრცეში?!

 

არსებობს კიდევ უფრო პირდაპირი, როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, ნაჯახივით პასუხიც - უცხოური ფინანსების გამჭვირვალობის(!) მოწინააღმდეგეთა(?) ნერვიულობის მთავარი საფუძველი ის გახლავთ, რომ ახალი კანონი სრულად, დეტალებამდე, ნიუანსებამდე გაშიფრავს იმ სქემას, რომლის პირობითი სახელწოდებაცაა - „მეგობრული დახმარების ეგიდით როგორ მოვახდინოთ საქართველოს სრული კოლონიალიზაცია“.

 

გაკვირვებულის ნიღაბაფარებულებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, კანონში იმ ფულის გამჭვირვალებაზეა საუბარი, ქალბატონო ელჩო, „თქვენი ნაძირალების“, არაქართული ცნობიერების ზომბების შერჩევა-გამოყვანაზე და მათი მრავალკომპონენტიანი და მრავალგანშტოებიანი სტრუქტურის ორგანიზებაზე რომ იხარჯებოდა და იხარჯება ოცდაათი წლის განმავლობაში, რამაც საქართველო ორ თუ ორმაგ კოლონიად აქცია - რუსეთის და ამერიკის. აი, ეს გაწუხებთ და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივის შინაარსისგან დაცლილი უარყოფით ამის დაბლოკვას ცდილობთ, თორემ კარგად მოგეხსენებათ, რომ გამჭვირვალობა და პირველ რიგში, ფინანსური გამჭვირვალობა დემოკრატიის თანმდევი, მისგან განუყოფელი ცნებაა...

 

მაგრამ რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, არა, ქალბატონო ელჩო? დემოკრატია ხომ სიტყვის მასალაა მხოლოდ, საშუალებაა, ბერკეტია... თქვენთვის თქვენი ბატონების მიერ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმისთვის, 2008 წლის აგვისტოს ფარსის შედეგად ნაწილებად დაშლისთვის და ახლა ე.წ. მეორე ფრონტისთვის გამეტებული საქართველო ხომ სახელმწიფო არ არის, სტრატეგიული მნიშვნელობის კორიდორია მხოლოდ და ქართველ ხალხსაც ხომ მხოლოდ საზარბაზნე ხორცის დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს?

 

რუსული კოლონიალიზმის გამოცდილებამ, მადლობა ღმერთს, სწრაფად მიგვახვედრა, რომ თავისუფლების სახელით, ამერიკული ნეოკოლონიალიზმის მარწუხებში აღმოვჩნდით. წინ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის რთული გზა გვაქვს გასავლელი, 2012 წელი მხოლოდ დასაწყისი იყო. რას იზამ, ასეთია პატარა და ამაყი სახელმწიფოების ხვედრი. მთავარია, სიმართლე ჩვენ მხარესაა.

 

ბიძინა  დვალი

28.02.2023 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner