არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართავს, სთხოვოს ამერიკის საელჩოს, მიაწოდონ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საკუთარი კანონის ქართული თარგმანი. ამის შესახებ ნანა კაკაბაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ღია წერილშია ნათქვამი.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ეს ერთი მხრივ, მოხსნის გაუთავებელ, უსაგნო დავას და მეორე მხრივ, გამოააშკარავებს, თუ ვის მხარესაა სიმართლე.
„ღია წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს: ბ-ნო შალვა, ოპოზიციურ მედიაში, თითქმის 24 საათის განმავლობაში, საუბრობენ იმის შესახებ, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არის იმავე სულისკვეთების მქონე რუსული კანონის ასლი. ხელისუფლება კი მას ამერიკული კანონის ანალოგს უწოდებს. ბატონო შალვა, იქნებ მიმართოთ ამერიკის საელჩოს და სთხოვოთ, მოგაწოდონ საკუთარი კანონის ქართული თარგმანი. ეს ერთი მხრივ, მოხსნის გაუთავებელ, უსაგნო დავას და მეორე მხრივ, გამოააშკარავებს, თუ ვის მხარესაა სიმართლე. პატივისცემით: ნანა კაკაბაძე“, - აღნიშნულია წერილში.