უცხოური გავლენების გამჭვირვალობა, რომელიც საქართველოში ამ მასშტაბის ვნებათაღელვას იწვევს, ევროპაშიც დგას დღის წესრიგში, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კონკრეტული მაღალჩინოსნები გავლენას გარე ძალების სასარგებლოდ იყენებდნენ. ე.წ. კატარგეითის სკანდალი გრძელდება. ირკვევა, რომ დანაშაულებრივ გარიგებებში ევროპარლამენტის გარდა, სავარაუდოდ, ევროკომისიის მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ.
სკანდალის მთავარი მოქმედი პირი - პიერ ანტონიო პანცერი, რომელიც უკვე დიდი ხანია გამოძიებასთან თანამშრომლობს, კორუფციულ სქემასთან ახალ დეტალებს ჰყვება. ყოფილმა ევროპარლამენტარმა გამომძიებლებს უამბო, რომ კრიმინალური სქემის კიდე ერთ მონაწილეს მარკ ტარაბელას, ევროპარლამენტარობის ვადის ბოლომდე, ანუ 2024 წლამდე, სასურველი ქვეყნის ლობირებისთცის 250 ათასი ევრო უნდა მიიღო.
ტარაბელას წინააღმდეგ ახალი ბრალდების მტკიცებულებებს გამომძიებლები უკვე იკვლევენ, მანამდე კი ყოფილი ევროპარლამენტარის ადვოკატი მის დროებით გათავისუფლებაზე მუშაობს, რათა გამოძიების პროცესში ტარაბელა ელექტრონული სამაჯურის გაკეთების სანაცვლოდ გაუშვან. იგივე მიზანი აქვს „კატარგეითს“ კიდევ ერთი მოქმედი პირის, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ევა კაილის ადვოკატსაც. ყოფილი მაღალჩინოსნების შინაპატიმრობის საკითხი ხვალ გადაწყდება.