"კონდოლიზა რაისი დღევანდელ საქართველოზე ამბობს, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა და რომ არასწორი მიმართულებით მივდივართ, მაშინ, როცა იმ სისხლიან რეჟიმს სწორედ მისმა ადმინისტრაციამ უწოდა დემოკრატიის შუქურა და სწორედ მისი ადმინისტრაციის მხარდაჭერით ინარჩუნებდა ძალაუფლებას სააკაშვილი," - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, „საქართველოს კვლავ მარიონეტად გადაქცევის მიზანი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამართლებს ნებისმიერ საშუალებას, თუნდაც ეს ფაქტების უარყოფას, ოდესღაც ძვირფასი ღირებულებების და საყოველთაოდ შეთანხმებული წესების ფეხქვეშ გათელვას მოითხოვდეს“.
ასევე, ვატო შაქარიშვილი იხსენებს 2008 წლის ომის დროს განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნავს, რომ აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
„შეშინებული მთავარსარდალი, კორუმპირებული თავდაცვის მინისტრი, რომელიც ქართული ჯარის გაძარცვით გამდიდრდა, ქვეყნიდან გაქცეული პოლიტიკური ელიტა, ბრძოლის ველზე მიტოვებული გმირი სამხედროების ცხედრები, 150-ზე მეტი დაკარგული სოფელი, მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, ათიათასობით იძულებით გადაადგილებული… არავის ამ უმძიმეს შედეგებზე პასუხისმგებლობა არ აუღია! პირიქით, დაიწყეს გმირი სამხედროების დევნა, შექმნეს ფეიკ-საგამოძიებო კომისია, რომელსაც ფეიკ-ოპოზიციონერი პაატა დავითაია ხელმძღვანელობდა“, - წერს შაქარიშვილი.
შაქარიშვილის თქმით, სააკაშვილი განიხილება, როგორც ქვეყანაში არეულობის მოწყობისთვის შესანიშნავი ინსტრუმენტი, ვინაიდან აკია ბარბაქაძემ და ლევან ხაბეიშვილმა პროცესები რევოლუციისკენ ვერ წაიყვანეს.
„დღევანდელი გადმოსახედიდან, საბოლოოდ ნათელი ხდება თუ რის ფასად ინარჩუნებდა 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებას, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო სასტიკი რეჟიმის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი - ეს იყო ლიბერალურ-გლობალისტური ძალების უპირობო ლობი, რომელთა მიზნებიც ამართლებდა ნებისმიერ საშუალებას, თუნდაც ყველაზე უფრო ანტიევროპულს, ანტიდასავლურს და ზოგადად ანტიჰუმანურს. მათი ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში იდგა ყველაფერზე მაღლა - ქართველების სიცოცხლეზე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ქვეყნის სუვერენიტეტზე, ხალხის სოციალურ მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობაზე და ა.შ. და ა.შ.
იმ დროს, დასავლურ ფსევდო-დემოკრატიულ პოლიტელიტას არ აინტერესებდა რა შედეგებით სრულდებოდა არჩევნები, რამდენი ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში რეჟიმის წინააღმდეგ, რამდენი სიცოცხლე ეწირებოდა ამ ბრძოლას, ისინი მიჰყვებოდნენ წინასწარ გაწერილ გრძელვადიან გეგმას, რომელშიც საქართველო და ქართველი ხალხი სახარჯი მასალა იყო, როგორც იტყვიან “საზარბაზნე ხორცი”(მომიტევოს საზოგადოებამ).
2003 წლის საქართველო იდეალური მოცემულობა იყო აღნიშნული ძალებისთვის - რუსეთის მეზობელი, რუსეთთან ღია კონფლიქტებით, რუსეთთან საუკუნოვანი ბრძოლის უმძიმესი ისტორიით და ცვლილებებს მოწყურებული საზოგადოებით. ამ ყველაფერს დაემატა რევოლუციური ეიფორიაც და პროექტი ახალ ეტაპზე მალევე გადავიდა. გახსოვთ, ჯერ კიდევ 2004 წლის ზაფხულში იყო კონფლიქტის გაღვივების მცდელობა ცხინვალში, მაშინ ეს ფართო მასშტაბებში არ გადაიზარდა. დაიწყო უფრო სიღრმისეული მომზადება. სააკაშვილს მწვანე შუქი აუნთეს ნებისმიერი მეთოდით გზიდან ჩამოეცილებინა ყველა, ვინც ამ გეგმის განხორციელებაში მას ხელს შეუშლიდა. სააკაშვილს ნება დართეს დემოკრატიის სახელით აეშენებინა ყველაზე უფრო არადემოკრატიული პოლიციური და შიშზე დამყარებული რეჟიმი.
შეიქმნა “სამხრეთ ოსეთის” ადმინისტრაცია და მის ე.წ. საზღვრებში შეყვანილ იქნა ახალგორიც. ამავე დროს, კოდორის ხეობას ეწოდა “ზემო აფხაზეთი,” ხეობის მცველები განაიარაღეს, ნაწილი გამოგონილი ბრალდებებით დაიჭირეს, ნაწილი ქვეყნიდან გააქციეს. დასავლეთში, ნაცმოძრაობის ხელისუფლების დანაშაულებზე არა მარტო თვალს ხუჭავდნენ, არამედ დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ. დაიწყო მდაბიო რუსოფობიური კამპანია, რაც შეფუთული იყო ურა-პატრიოტული და პათეტიკური ლოზუნგებით. დაიწყო ახალგაზრდების მოწამვლა და განათლების ნაცვლად ინდოქტრინაციის ამოქმედება. 2008 წლის იანვარში მიტაცებული არჩევნებიც უღიარეს სააკაშვილს, როგორც რუსეთმა ისე მთლიანად “ცივილიზებულმა დასავლეთმა” (როგორც ჩვენთან უწოდებენ). როცა ქვეყნის შიგნით გამალებული სამზადისი მიდიოდა, ხელსაყრელი ნიადაგის მომზადებისთვის ყველაფერი კეთდებოდა ქვეყნის გარეთაც. და აი, 2008 წლის ბუქარესტის NATO-ს სამიტიც, რომელზეც საქართველოსა და უკრაინის სამომავლო გაწევრიანებაზე ითქვა და კარი მოჩვენებითად გაიღო. თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა აღნიშნულ სამიტს, რუსეთის მომავალი აგრესიის გამოწვევაში, შეგიძლიათ ნახოთ, საერთაშორისო ურთიერთობების ამერიკელი მკვლევრის და მოაზროვნის ჯონ მერშაიმერის პუბლიკაციები და საჯარო გამოსვლები.
დადგა 2008 წლის ტრაგიკული აგვისტოც. შეშინებული მთავარსარდალი, კორუმპირებული თავდაცვის მინისტრი, რომელიც ქართული ჯარის გაძარცვით გამდიდრდა, ქვეყნიდან გაქცეული პოლიტიკური ელიტა, ბრძოლის ველზე მიტოვებული გმირი სამხედროების ცხედრები, 150-ზე მეტი დაკარგული სოფელი, მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, ათიათასობით იძულებით გადაადგილებული… არავის ამ უმძიმეს შედეგებზე პასუხისმგებლობა არ აუღია! პირიქით, დაიწყეს გმირი სამხედროების დევნა, შექმნეს ფეიკ-საგამოძიებო კომისია, რომელსაც ფეიკ-ოპოზიციონერი პაატა დავითაია ხელმძღვანელობდა. 2008 წელს ომის დასრულებიდან მალევე, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობამ ევროსაბჭოში, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის მეხუთე პუნქტშიც წერია შემდეგი - “თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალებჯს მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერია და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღიარებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით.” მგონი, ყველანაირი განმარტება ზედმეტია თუ რატომ ეწინააღმდეგებიან დღეს, ომის გარშემო სიღრმისეული და ობიექტური გამოძიების ჩატარებას!
ამას მოჰყვა ნაც.მოძრაობის მიერ მტკიცებულებების გადამალვა(ისკანდერის ნაწილები), რუსეთთან ცალმხრივად უვიზო მიმოსვლის დაწყება, რუსეთისთვის უმსხვილესი ენერგეტიკული ობიექტების გადაცემა და სხვა მრავალი მოღალატეობრივი ქმედება! არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ფონზე სააკაშვილი კვლავაც დემოკრატიის შუქურად იწოდება, ის აგრძელებს და კიდევ უფრო ამყარებს ძალადობრივ მმართველობას, ის კვლავ მხარდაჭერილია დასავლეთიდან და 2011 წლის 26 მაისს მშვიდობიანი მიტინგის სისხლში ჩახშობაც უპრობლემოდ “პრავდება”.
2012 წელს ეს ძალები ვერ გაუმკლავდნენ ქართველი ხალხის და ბიძინა ივანიშვილის ერთობას და სტრატეგიული უკან დახევა ამჯობინეს, ფიქრობდნენ რა, რომ მალევე შეძლებდნენ საკუთარი მარიონეტული ხელისუფლების ძალაუფლებაში დაბრუნების უზრუნველყოფას. აღნიშნული ამოცანა დასტურდება, ნაც.მოძრაობის დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებით, სააკაშვილის უკრაინაში დაბინავებით, თავსმოხვეული კოჰაბიტაციით, მათი მხრიდან წლების განმავლობაში დესტრუქციული პროცესების ხელშეწყობით, ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევით და დღეს უკვე პირდაპირ რევოლუციის მომზადების მცდელობით. სააკაშვილის გასათავისუფლებლად ამ მასშტაბის კონსოლიდაცია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სააკაშვილი მათი თანამზრახველია, რომელიც ციხიდან გამოსაყვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში ალაპარაკდება. სხვაგვარად არ იხსნება, თუ რატომ ისულელებენ თავს, რატომ ეხვევიან ასეთ აბსურდულ ავანტიურაში, როდესაც პატიმარი 9 თვეა უმაღლესი დონის კლინიკაშია და იმისათვის რომ კარგად იყოს საჭიროა, მხოლოდ ერთი და ისიც მასზეა დამოკიდებული - უბრალოდ უნდა ჭამოს! თანამზრახველთან ერთად, სააკაშვილი განიხილება, როგორც ქვეყანაში არეულობის მოწყობისთვის შესანიშნავი ინსტრუმენტი, რომელიც ასე ძალიან სჭირდებათ, აბა დარჩნენ აკია ბარბაქაძის და ხაბეიშვილის ამარა. წლების განმავლობაში მილიონობით დოლარი ჩაასხეს ლიდერების ხელოვნურად მომზადებაში, კრიტიკულ მომენტში, როდესაც დავალება მისცეს და რევოლუციური პროცესების ავანგარდში დააყენეს, დარწმუნდნენ, რომ ამ თოჯინებმა უბრალოდ ჩაისვარეს. ამიტომ, აქ ახალი სასურველი და სასარგებლო დესტრუქციული პერსონის გამოთლას, ისევ სააკაშვილის დახსნის სპეცოპერაციის გაგრძელება ურჩევნიათ.
ამიტომ ვართ ჩვენ ასეთი შკვალის მომსწრენი, რაც მოდის დასავლეთიდან და მათი ადგილობრივი აგენტურიდან. წარმოიდგინეთ, კონდოლიზა რაისი დღევანდელ საქართველოზე ამბობს, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა და რომ არასწორი მიმართულებით მივდივართ, მაშინ როცა იმ სისხლიან რეჟიმს სწორედ მისმა ადმინისტრაციამ უწოდა დემოკრატიის შუქურა და სწორედ მისი ადმინისტრაციის მხარდაჭერით ინარჩუნებდა ძალაუფლებას სააკაშვილი.
საქართველოს კვლავ მარიონეტად გადაქცევის მიზანი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამართლებს ნებისმიერ საშუალებას, თუნდაც ეს ფაქტების უარყოფას, ოდესღაც ძვირფასი ღირებულებების და საყოველთაოდ შეთანხმებული წესების ფეხქვეშ გათელვას მოითხოვდეს“, - წერს ვატო შაქარიშვილი.