გუნდს ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა კომისია. ეს კომპლექსური საკითხია, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აგვისტოს ომის შესახებ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, მას, როგორც მოქალაქეს აგვისტოს ომთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს.
„მე პირადად, დიდი სიამოვნებით დავსვამდი რამდენიმე კითხვას, რაც მაწუხებს, როგორც მოქალაქეს. შეიძლება მე და ბატონ ფრიდონს ცოტა სხვადასხვა მიმართულებით გვქონდეს ეს კითხვები, მაგრამ ამის გამოც იყო საყვედურები ჩვენი მისამართით, რომ „ოცნება“ ვერ ბედავს ამაზე ლაპარაკს“. რაც გასაბედია, ყველაფერს ვბედავთ. მგონია, პრობლემა არ გვაქვს, ბოლო დროს განსაკუთრებით. მაგრამ რაღაც საკითხებზე შეიძლება მორიდება ჯობდეს ამ საკითხებზე საუბარს.
დღესაც, ამ ეთერში დავსვამ შეკითხვას და გარანტიას გაძლევთ, პასუხად ხვალ დილიდან ისევ მივიღებთ [რუსეთს]. პასუხი როცა არ აქვთ, გაჰკივიან რუსეთს. რატომ მოხდა ისე, რომ სტრასბურგი და ჰააგა საწვალებელი გახდა? მეასედ ვიმეორებ, მაგრამ არ შეძლება ამის დავიწყება. ამის დავიწყება თავზე ხელის გადასმას ნიშნავს „ნაცებისთვის“. მაგალითად, „ისკანდერის“ ნაწილი რომ დამალეს. დამალული რას ჰქვია, ამერიკელებთან იყოო. ლოგიკა და არგუმენტი ნახეთ? „ისკანდერის“ ნაწილს ამერიკელებთან რა უნდოდა? რა პასუხია? ვისთანაც არ უნდა ყოფილიყო, სულ რომ ოჯახის წევრთან ყოფილიყო, უახლოესთან (და გასაგებია, რომ უახლოეს პარტნიორთან იყო) რა მნიშვნელობა აქვს? რატომ გაატანე? ვის გაატანე? უნდა წარგედგინა საქმეში და გაატანე სხვას, ვინც არ უნდა იყოს ეს სხვა. ანუ, დამალეს „ისკანდერის“ ნაწილები, შემდეგ ჩვენი მოსაძიებელი გახდა და იუსტიციის სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურებმა დიდი წვლილი შეიტანეს ამაში. მთელი სისტემა იყო ჩართული ამ მთავარი მტკიცებულების მოპოვებაში და დღეს რაღაც რომ მოხდება, რუსეთუმეებო, ჩვენკენ იშვერენ ხელს“, - განაცხადა მდინარაძემ.