ავტორი ანა ფერაძე
„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა „რეპორტიორთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაკის რეგიონში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, პრობლემები არის, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარებადია. ზაზა ხუციშვილმა ასევე აღნიშნა, მოსახლეობის სურვილკების გათვალისწინებით დაიხარჯება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი. ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ის გამარჯვებაში დარწმუნებულია და ამაში „ქართული ოცნების" რეიტინგი და მის მიერ მოპოვებული საზოგადოების ნდობა დაეხმარება.
- როგორია ვაკის რაიონში წინასაარჩევნო გარემო?
- ახლანდელი საარჩევნო გარემო სანიმუშოა იმასთან შედარებით რაც ჩვენ გამოვიარეთ. ყველამ აღნიშნა, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები ყველაზე უკეთესი იყო. თუ არ ჩავთვლით კორცხელის ინციდენტს, ყველგან სიმშვიდეა და არავითარ ექსცესებს და პროვოკაციებს ადგილი არ აქვს. ყველას აქვს საშუალება, თავის ამომრჩეველს ესაუბროს.
- შეხვედრებისას რა პრობლემის მოგვარებას გთხოვთ ვაკის მოსახლეობა?
- ვაკის რაიონში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ რა თქმა უნდა მოსახლეობა მეტს მოითხოვს.
არის რამდენიმე კორპუსი, სადაც უკანონოდ არიან შესახლებულები, მათ გაზიფიცირების პრობლემა აქვთ, რადგან „ყასტრანსგაზს" უკანონო ფართებში გაზის შეყვანის უფლება არ აქვს. თუმცა, გვპირდებიან, რომ ეს პრობლემა მოგვარდება.
არის აგრეთვე ავარიული სახლები, რომელთა პრობლემა ადგილობრივი გამგეობების მიერ მოგვარდება.
- როგორც ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, რას ჰპირდებით მოსახლეობას?
- ჩვენ თვითმმართველი ქალაქი გვაქვს. „ქართული ოცნების" ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ თვითმმართველობას ექნებოდა დიდი ბერკეტები, ადგილობრივ გამგებლებს მუდმივად აქვთ შეხვედრები და რა საშუალებასაც ბიუჯეტი იძლევა, თვითონ მოსახლეობა ირჩევს, რისი გაკეთებაც სურთ.
ამიტომ პირველ რიგში ჩვენს რაიონში შეკეთდა სახურავები, საიდანაც წყალი ჩადიოდა, შეკეთდა ლიფტები. აქ თანადაფინანსების სისტემა მუშაობს - 70 %-ს იხდის თვითმმართველობა და 30%-ს მოსახლეები და ამ პროცენტის დაწევაზეც მიდის საუბარი.
ეს ყველაფერი საკმარისი არ არის და არც არასდროს იქნება, მაგრამ, მოსახლეობას ვპირდებით, რომ ზრუნვა გაგრძელდება პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე.
მოგეხსენებათ ხელისუფლების პრიორიტეტია ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ხორციელდება მართლაც უპრეცედენტო პროგრამა. პრაქტიკულად ყველა გაჭირვებულ ადამიანს უფინანსდება როგორც ოპერაცია, ასევე მედიკამენტებით მკურნალობაც. მომავალში გაგრძელდება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ბაღების მოწყობა, გზების დაგება და შეკეთება. მოსახლეობასთან ერთად შეთანხმდება ბევრი რამ. მე ყოველთვის მზად ვიქნები, ვაკის მოსახლეობას მოვუსმინო.
მინდა, ყველას ესმოდეს, რომ მთელ თბილისში ყველა პრობლემა ერთბაშად ვერ მოგვარდება. ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაკეთდება ყველაფერი.
- ვაკის რაიონში წარმოდგენილ სხვა პარტიების კანდიდატებს როგორ შეაფასებთ?
- იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ და ამაში „ქართული ოცნების" რეიტინგი და ჩემდამი ნდობა საზოგადოების მხრიდან გამარჯვებას მომაპოვებინებს. მაგრამ, ყველაზე დიდი შეცდომა კონკურენტის არასწორად შეფასებაა, ამიტომ მე ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს და აუცილებლად ამ სამუშაოსაც შევასრულებ.