„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, „საზოგადოებრივი მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე სიტყვის კონტექსტიდან ამოგლეჯას ეხმაურება.
„TV პირველის, დიანა ტრაპაიძის ჟურნალისტურ-პოლიტიკური მანიპულაცია მოვისმინეთ ამჯერად მიხეილ ყაველაშვილის სიტყვებზე: „ვერ ვაკავშირებ ვერც ევროკავშირის წევრობას, ვერც იმ, ასე ვთქვათ, წითელ ხაზს, რომ ამას [კანონპროექტებს] თუ მიიღებთ, ევროკავშირის წევრი ვერ გახდებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს არის ჩემთვის ფუნდამენტური საკითხი, როგორც ადამიანისთვის, როგორც მოქალაქისთვის. ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის, ევროკავშირი იმიტომ მინდა, რომ სამართლიანობა იყოს დაცული და ვერავინ მიმითითებდეს, რომ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკანონიერი ქმედება ჩავიდინო, იმიტომ, რომ თუ ამას გავაკეთებ, მე ევროკავშირის წევრი ვერ გავხდები.
რა არის ეს? რა წერია ამ კანონში ისეთი, რომელიც ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციურია, ევროპასთან შესაბამისობაში არ მოდის?“, - ეს მიხეილ ყაველაშვილის სრული საჯარო გამოსვლის ტექსტია საიდანაც „TV პირველმა“ მხოლოდ შემდეგი სიტყვები ამოჭრა - „ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი არ არის“ და მხოლოდ ამ სიტყვებით მიდის პოლიტიკურად ჟურნალისტობანას თამაში. უკვე მერამდენედ?! ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იქცეს მედია პოლიტიკურ მხარედ. არ მითხრათ დამოუკიდებელი მედია ასე მუშაობსო, ტყუილია, დამოუკიდებელი მედია იცავს ყოველ ნათქვამ სიტყას! არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციისა ის თუ პოზიციის, დამოუკიდებელი მედია არ არის და არც შეიძლება იყოს პოლიტიკური მხარე!“, - აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.