საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, კნუტ ფლეკენშტეინს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში გააქტიურებული საქართველო-გერმანიის ურთიერთობების ძირითადი საკითხები.
გიორგი კვირიკაშვილმა გერმანელ პოლიტიკოსს გააცნო საქართველოს სწრაფი განვითარების 4-პუნქტიანი გეგმა. საუბარი შეეხო ბოლო წლებში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებიც განსაზღვრულია ასოცირების შეთანხმებით და დაკავშირებულია ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანთან.
კნუტ ფლეკენშტეინმა გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციისა და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესებისადმი. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ სრულად და ზედმიწევნით შეასრულა სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა ამოცანა და საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს უვიზო მიმოსვლის დროულად ამოქმედებას.
მხარეებმა ისაუბრეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და ხაზი გაუსვეს დემოკრატიული, თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს მნიშვნელობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის.