გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დღეს ვაშინგტონში ჩავა, სადაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.
როგორც „როიტერი“ წერს, ლიდერების მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება უკრაინაში მიმდინარე ომი, ასევე ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და ჩინეთიდან მომავალი საფრთხეები.
ამასთან, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ მხარეები უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას განიხილავენ და პოზიციებს შეაჯერებენ.
მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერი და აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ისაუბრებენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგარძელების აუცილებლობაზე და გააფრთხილებენ ჩინეთს, არ მიაწოდოს შეიარაღება რუსეთს. ისინი განიხილავენ იმ ზომებს, რომელთა გატარებაც მოკავშირეებს შეუძლიათ, თუ პეკინი მაინც გაუწევს სამხედრო მხარდაჭერას მოსკოვს.
საუბრის კიდევ ერთი თემა იქნება ამერიკული კანონი, რომელიც ინფლაციის შემცირებისკენ არის მიმართული, ხოლო ევროპაში თვლიან, რომ ის შეარყევს ევროკავშირის კონკურენტუნარიანობას და გამოიწვევს ევროპიდან კაპიტალის გადინებას.