ავტორი ანა ფერაძე
„ქართული ოცნების" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას, აღნიშნა, რომ თბილისის თვითმმართველი ქალაქია და მოსახლეობა თავად წყვეტს, რისი გაკეთებაც სურს, ადგილობრივი ბიუჯეტის გათვალისწინებით.
„ჩვენ თვითმმართველი ქალაქი გვაქვს. „ქართული ოცნების" ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ თვითმმართველობას ექნებოდა დიდი ბერკეტები, ადგილობრივ გამგებლებს მუდმივად აქვთ შეხვედრები და რა საშუალებასაც ბიუჯეტი იძლევა, თვითონ მოსახლეობა ირჩევს, რისი გაკეთებაც სურთ",- აღნიშნა ხუციშვილმა.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა „რეპორტიორს" განუცხადა ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, რაც ჯანდაცვის პროგრამაშიც გამოიხატება.
„მოგეხსენებათ, ხელისუფლების პრიორიტეტია ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ხორციელდება მართლაც უპრეცედენტო პროგრამა. პრაქტიკულად ყველა გაჭირვებულ ადამიანს უფინანსდება როგორც ოპერაცია, ასევე მედიკამენტებით მკურნალობაც. მომავალში გაგრძელდება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ბაღების მოწყობა, გზების დაგება და შეკეთება. მოსახლეობასთან ერთად შეთანხმდება ბევრი რამ. მე ყოველთვის მზად ვიქნები, ვაკის მოსახლეობას მოვუსმინო", - განაცხადა ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა.