logo_geo
eng_logo
პატიოსანი თამაშის წესები (ციკლიდან „რა სურს ამერიკას?! - წერილი მერვე)
- +

3 მარტი. 2023. 16:52

 

 

ჩვენი „ცეკას დირექტორი“ კიდევ ერთხელ ამომხტარა „კაბლუჩკებიდან“ - არ მაინტერესებს(?) კანონი ქართულია თუ ამერიკული, ვერსიას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს... რომ გეუბნებით არ გჭირდებათ, ე.ი. არ გჭირდებათ და „ტოჩკაო“... (რუსული სიტყვები ტექსტში ჩემდა უნებურად შემეპარება ხოლმე. ადრე მაქვს ნათქვამი, ეს კელი დეგნანი სულ ბორის პასტუხოვთან მიჩენს ასოციაციებს მეთქი და რა ვქნა, ეს ავი ჩვენება დღემდე ვერ ამოვიგდე თავიდან).  

 

„შეფასებაში“ და განსაკუთრებით ტონალობაში აშკარად იკითხებოდა ქვეტექსტი - შეუშვით ტვინებში ერთხელ და სამუდამოდ, რომ კანონი ჩვენი სიტყვაა და არა თქვენ რომ რაცხა-რაცხაებს ააფრიალებთ... არ დამიწყეს სახელმწიფოებრიობანა ამ „მართლმადიანმა“ გადმონაშთებმა? მოთმინებიდან არ გამოგვიყვანოთ, თორე-ე... ევრო-ატლანტიკურის კი არა, გარე სამყაროს ყველა კარს ჩაგიკეტავთ ერთ დღეში და ყოლიფერი „სკანცამიო“ (ისევ ბორის ნიკოლაევიჩის სილუეტი გამეხლართა ფიქრებში).

 

სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ ამერიკის პოლიტიკის მესვეურები არ აპირებენ საქართველოს მიმართ პოზიციების შეცვლას. მათი „წმიდათაწმიდა“ მიზანი, სახალხო ხელისუფლების მარიონეტული რეჟიმით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, კვლავაც ძალაში რჩება.

 

გახსენება-შეხსენებისთვის - გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამერიკელი და ევროპელი დონორების მიერ ხელგაშლით დაფინანსებული ქართული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობდნენ მაშინდელი სახელისუფლებო პარტიის, „მოქალაქეთა კავშირის“ იმ ჯგუფის პოზიციების გაძლიერებაზე, რომელსაც ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი ედგნენ სათავეში. აღნიშნულ წარმონაქმნებს, მათი ასპარეზზე გამოსვლის პირველივე ეტაპზე, ხალხმა, „მოფერებით“, „სამთავრობო არასამთავრობოები“ შეარქვა. იმავე სქემაში იყვნენ ჩართული საქართველოში მოქმედი წამყვანი ამერიკული (განსაკუთრებით - NDI და IRI) და ევროპული ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი.

 

თვალში იმ ნაცარს დიდი ხანია აღარ ვიყრით, რომ ამ წარმონაქმნების საქმიანობის მიზანი დემოკრატიის გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვაა. 2012 წლამდე ყველა არჩევნები იყო გაყალბებული და ყველა ზემოხსენებული სუბიექტის ამოცანა კაბინეტებში წინასწარ დაწერილი შედეგების „გაპრავება“ იყო, რადგან ძირითად მიზანს პოლიტიკური ველის მოსუფთავება და ხელოვნურად განოყიერებულ ნიადაგზე საგულდაგულოდ შერჩეული და სათანადოდ გაწვრთნილი „ახალი ხელისუფლების“ ჩანერგვა წარმოადგენდა (ბოლო წინადადებაში მთავარი სიტყვაა „ჩანერგვა“).

 

პარალელურად, მიმდინარეობდა მიზნისთვის შესაბამისი პარტიის შენების პროცესი. „ნაციონალური მოძრაობის“ წამყვანი ბირთვი, თითქმის მთლიანად, ენჯეოსექტორიდან წამოსული კადრებით დაკომპლექტდა. იმთავითვე გაჩნდა ეჭვი, რომ ამერიკული და სხვა დასავლური ფინანსები, ირიბად, პოლიტიკური მიზნების განხორციელებას ხმარდებოდა, რაც პირდაპირ იმის ნიშანია, რომ ხდებოდა ღია და უხეში ჩარევა უცხო ქვეყნის პოლიტიკის მართვის პროცესში.

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩარევა ხდებოდა დემოკრატიული აღმშენებლობის ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებების დაცვის შირმით, რომლის მიზანიც ერთპარტიული მმართველობის განმტკიცება და ავტორიტარული რეჟიმის დამყარება გახლდათ, რაც გარედან პროცესების მართვისთვის მეტად მოსახერხებელი ფორმა გამოდგა.

 

ასე დაიწყო საქართველოში ამერიკული ნეოკოლონიალიზმის ხანა, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ადამიანური ტრაგედიების წამახალისებელი აღმოჩნდა, რადგან აღნიშნულ მართვას არ სჭირდება გავლენიანი ფინანსური და სხვა სახის ინსტიტუციები (მაგ. - საგანმანათლებლო, მედია და ა.შ.) და გავლენიანი პერსონალიები სისტემის გარეთ და ძირშივე გამორიცხავს მორალური ავტორიტეტების არსებობას.

 

თეორიულ დონეზე, არსებობდა ვარაუდი, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, ვექტორი შეტრიალდებოდა და იქნებოდა მცდელობა სიახლესთან შეგუებისა და თანამშრომლური ურთიერთობის ჩამოყალიბებისა. თეორიული ვარაუდი თეორიულადვე დარჩა. 90-იანი წლების პირველ ნახევარში მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ სტრატეგიული პუნქტის, ან სტრატეგიული დერეფნის დანიშნულება, რაც თავის თავში გულისხმობს ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების სრულ უგულვებელყოფას, ძალაში დარჩა.

 

აღნიშნულ გზაზე ხალხის ნების გამომხატველი ხელისუფლება დიდ დაბრკოლებად ჩაითვალა და ათ წელზე მეტია, მთელი მათი ძალისხმევა „ქართული ოცნების“ კვლავაც „კასრებში“ გამოზრდილი „ჩვენი ნაძირალებით“ ჩანაცვლების გეგმების შედგენაზე არის მიმართული. ამერიკული არევის ტექნოლოგიების პრობლემა ისაა, რომ პროცესმა ფარულობა მთლიანად დაკარგა, საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული და კარგად არჩევს, ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე.

 

„ვაშინგტონის კრემლს“ მიზნის მიღწევაში ერთადერთი „არგუმენტი“ უმაგრებს ზურგს - ამ საქმისთვის გამოყოფილი მილიონობით დოლარი, ხოლო საყრდენად კვლავაც იგივე „მოქმედი პირნი და შემსრულებელნი“ ჰყავს. სწორედ ზემოხსენებულ „არგუმენტზე“ სახალხო კონტროლის დაწესება და რაიმე საეჭვო გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში, „საყრდენების“ წნეხში მოქცევის პერსპექტივა აცოფებთ „უფროს ძმებს“ („სტრატეგიული პარტნიორების“ საელჩოს დიასახლისის გამოხტომებს ძნელია სხვა შეფასება მოუძებნო).

 

საქართველოში შემოდინებული, დღემდე უკონტროლო ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებულმა პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოვლენები ერთი ცენტრიდან იმართება. აღნიშნული ცენტრი უნდა მიხვდეს, რომ იმავე წრეზე მეორედ აღარ შევალთ, რომელზეც რუსეთის იმპერიამ ორასი წელი გვატარა. საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბრძანა - „ჩვენ გვაქვს ღირსება და ერთდერთი, რაც გვინდა, ეს არის პატიოსანი თამაშის წესები“.

 

ყველამ გაიგოს, შინაურმა თუ გარეულმა, და ყველამ კეთილი ინებოს და შეეგუოს, რომ ეს მოთხოვნა არის ურთიერთობის ის ჩარჩო, რომელსაც ვეღარავინ გადააბიჯებს და რომლის შინაარსიც გადასინჯვას აღარასდროს დაექვემდებარება. საქართველო ჩვენი სამშობლოა და წესებს და პირობებს აქ ჩვენ ვადგენთ!

 

ბიძინა  დვალი

03.03.2023 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner