logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: გუშინ გამოვლენილმა უშინაარსო რადიკალიზმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სწორ ადგილას ვდგავართ - ჩვენ არაფრის გვეშინია, რადგან ჩვენი გუნდისთვის საქართველოს ინტერესი უპირველესია
- +

3 მარტი. 2023. 18:56

 

 

„კანონპროექტის განხილვამდე და განხილვის დროს გამოვლენილი უშინაარსო რადიკალიზმი, პოლიტიკური უკულტურობა, ჩვენზე ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობა კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ სწორ ადგილას ვდგავართ - ჩვენ არაფრის არ გვეშინია, რადგან ჩვენი გუნდისთვის საქართველოს ინტერესი უპირველესია,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომის შეფასებისას, რომელიც გუშინ, 2 მარტს გაიმართა და სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა.

 

მისი თქმით, კანონმდებლობის განხილვისას ოპონენტების არაადეკვატურმა ქცევამ კიდევ უფრო გაუმყარა ეჭვი, რომ კანონი მათ ფინანსურ გადაცდომებს ააშკარავებს და მას სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან.

 

„ეს იყო სამარცხვინო დღე. რატომღაც, მოლოდინი მქონდა, რომ საგნობრივი დისკუსია გაიმართებოდა უცხოური გამჭვირვალობის შესახებ ქართული ვერსიის კანონპროექტისა და ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონპროექტის შესახებ, მაგრამ ჩვენ მიმართ გამოვლენილმა იმ პოლიტიკურმა უკულტურობამ, უმიზნო, უშინაარსო რადიკალიზმმა, ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა ძალადობამ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ სადაც ვდგავართ, სწორად ვდგავართ, რასაც ვაკეთებთ, სწორად ვაკეთებთ და ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მთავარი და ამოსავალი პრინციპი სახელმწიფოებრივი ინტერესებია. არცერთი არგუმენტი, სამართლებრივი შესწორება, რეკომენდაცია ამ დისკუსიის ფორმატში (თუ შეიძლება ამას დისკუსია ეწოდოს), არ მოგვისმენია.

 

მხოლოდ ის ისმოდა, რომ ეს რუსული კანონია, თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც ისტერიულ ფორმატში წარმოგვიდგნენ, არც რუსული კანონი ჰქონდათ წაკითხული, არც - ამერიკული და არც - ჩვენი. აქედან გამომდინარე, მათგან ჯანსაღი დისკუსიის მოლოდინი ვერ გვექნებოდა. უდიდესი წნეხი გავიარეთ გუშინ და მადლობა ჩვენს წარმომადგენლებს, რომ ამ კანონების გატანა და განხილვა მოახერხეს. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ ამ ადამიანების რეალური შიშია, რომ გამოაშკარავდება ის ფარული გარიგებები, ე.წ. დონორსა და ბენეფიციარს შორის ე.წ. ატკატების თემას ვგულისხმობ, რომელშიც, პრინციპში, უკვე დარწმუნებულიც ვარ, რადგან, სხვანაირად, მათი ასეთი გავეშებული, უარგუმენტო ქცევა ვერ აიხსნება. ეს არ იყო პოლიტიკიდან გამომდინარე ქცევა, ეს თავდაცვიდან თავდასხმაზე გადასული პოზიცია იყო. შესაბამისად, ჩვენი კანონპროექტით კარტები იხსნება, რომელიც ამ ადამიანებისთვის დიდი პრობლემაა“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner