„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ „საჭიროა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადება“.
„ესენი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას უცხადებენ ხელისუფლებას, რომელიც: აღიარებული მედიატორის როლს თამაშობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში; რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაფორმებული ოკუპაციის შედეგებს იმკის; რომელიც EU-ს გაფართოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი შეფასება მიიღო უკანასკნელი ანგარიშით; რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის თანამონაწილეობით, უნგრეთის, რუმინეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით - აზია-ევროპის დამაკავშირებელ საკაბელო ენერგომატარებლის პროექტში საკვანძო როლს თამაშობს; რომელიც როთშილდების ფინანსური იმპერიის მეშვეობით, აქტიურად შეუდგება საქართველოს - რეგიონალური საინვესტიციო და საბანკო ჰაბად გადაქცევას; რომელიც მესამე წელია, ინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის ტემპის ორნიშნა მაჩვენებელს; რომელიც წელს შეუდგება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რაც გაზრდის ჩვენი ნავსადგურების ტვირთგამტარობას 24-იდან 48 მილიონ ტონამდე წელიწადში; რომლის სახელისუფლებო ანტიკორუფციული ინდექსი - მოწინავეა მსოფლიოში; რომელიც ქვეყანაში ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და ზრუნავს განვითარებაზე; რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და საკუთარი ხალხის ინტერესებს ყველა დანარჩენ ვალდებულებაზე მაღლა აყენებს; რომელიც ცდილობს საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ღია თამაშის წესების საფუძველზე დაამყაროს საპარტნიორო ურთიერთობები; რომელიც პარტნიორს - მეგობარს უწოდებს ხოლო აგენტოკრატების მონას - ლაქიას. ასეთ ხელისუფლებას უცხადებენ დაუმორჩილებლობას, ვინაიდან ასეთ სახელმწიფოში - სამართლიანად ვერ ხედავენ საკუთარ მომავალს“, - წერს დავით ქართველიშვილი.