„რაღაც ნაწილი სამწუხაროდ არაკეთილსინდისიერად დაინტერესებულია დისკუსია ამ კანონპროექტებზე არ გაიმართოს: თავის დროზე გამოაცხადეს და გაასაღეს თითქოს სიმართლედ, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი, მათ შორის ვშიშობ, შეცდომაში შეიყვანეს ბევრი დასავლელი პარტნიორი. აქედან გამომდინარე, დღეს ბევრია დაინტერესებული, რომ რეალურად სიმართლე საზოგადოებამდე არ მივიდეს“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ისეთ საჯარო აქტორებს, როგორებიცაა პოლიტიკური პარტიები და მედიასაშუალებები, დაფინანსების გამჭვირვალეობის ვალდებულება აქვთ, შესაბამისად, სამოქალაქო სექტორიც ტრანსპარენტულობის გარკვეულ დონეს უნდა აკმაყოფილებდეს, ვინაიდან, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას ახდენს.
„ჩვენს სისტემაში და არა მხოლოდ საქართველოში, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, იმიტომ რომ საზოგადოებას ხელი უნდა მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე, მაგალითად, მტრული სახელმწიფოდან ხომ არ ფინანსდება რომელიმე პოლიტიკური ძალა, რაც სხვათა შორის, თავის დროზე „Fara“-ს მიღების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო აშშ-ში. ანალოგიური რამ ხდება როდესაც მედიასაშუალებებზე ვსაუბრობთ, იქაც არის გარკვეული ტრანსპარენტულობის ხარისხი. საჯარო აქტორები როდესაც არიან, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას როდესაც ახდენენ ცალკეული მიმართულებით, იქ ბუნებრივია, ეს უნდა არსებობდეს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნებს აღნიშნულ კანონპროექტებთან მიმართებით, მიხეილ სარჯველაძის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ თავად კანონპროექტების იდეა გაკრიტიკებული იქნება, თუმცა, შესაძლოა, კონკრეტულ საკითხებზე შენიშვნები იყოს.
„როდესაც ვენეციის კომისია იმსჯელებს ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით, უნდა ვთქვათ მთავარი საკითხი: არ მგონია და არ მაქვს ასეთი მოლოდინი, რომ იტყვიან, ავსტრალიის საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს მის ქვეყანაში მოქმედი საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების და გავლენის მქონე ორგანიზაციების დაფინასების შესახებ და საქართველოში საზოგადოებას ამის უფლება არ აქვსო. ამ იდეას, რაც არის მთავარი პრინციპი და „ხერხემალი“ ამ კანონპროექტის, არა მგონია, გაკრიტიკება შესაძლებელი იყოს ამ იდეისა.
რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, კონკრეტულ რეგულაციებს, მაგალითად, ხომ არ არის აუცილებელი, დამზღვევი მექანიზმები რაღაც მიმართულებით, რომ არ მოხდეს უფლების არასწორად გამოყენება - ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ.
ერთი არგუმენტი იყო ტერმინთან დაკავშირებული, სხვა მეტი არ მომისმენია გარდა იმისა, რომ ასეთივე კანონი მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციას. ჯერ ერთი, ეს არასწორია, ხომ არსებობს გუგლის თარგმნის ფუნქციონალი? - უბრალოდ, ვინმემ რომ ნახოს ის კანონი, გადმოთარგმნოს და შეადაროს მერე ახლა რაც არის ინიცირებული, მიხვდება, მერე, ვისთან უფრო აფილირებულია, რომელ სახელმწიფოსთან ამერიკულთან თუ რუსულთან, აქედან გამომდინარე იოლად გააკეთებენ დასკვნებს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორების კრიტიკის მიზეზი გაუგებარია, თუმცა, კანონპროექტების ირგვლივ მსჯელობა, საკითხს ყველა დაინტერესებული მხარისთვის გასაგებს გახდის.
„მე არ ვიცი, რა არის მიზეზი [დასავლელი პარტნიორების] კრიტიკისა და რაში გამოიხატება, მაგრამ ესეც არ არის პრობლემა, რომ ვიმსჯელოთ. არგუმენტს მოვისმენ ყველასგან და მე ჩამომიყალიბდება ჩემი შეხედულება. არგუმენტი შეგვიძლია მოვისმინოთ და ამის მიხედვით ჩამოვიყალიბოთ პოზიცია, უკუღმა როცა ვაკეთებთ რომ ჯერ პოზიცია ჩამოვიყალიბოთ და ამის მიხედვით ან მოვიწონოთ, ან დავიწუნოთ არგუმენტები, ეს რასაკვირველია, ელემენტარული ლოგიკის კანონების საწინააღმდეგოა და არ შეიძლება“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძის შეფასებით, კანონპროექტების განხილვის პროცესს ემოციური ფონით ზიანი მიადგა, შესაბამისად, მან ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდა არგუმენტირებული მსჯელობისკენ. ასევე აღნიშნა, რომ მისთვის სამოქალაქო საზოგადოებაში გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის არსებობა აუცილებელია.
„კამათში, დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება ეს არის დემოკრატიის საბაზისო პრინციპი, ამიტომ კეთილი ინებოს ყველამ, მოვიდეს ყოველგვარი ემოციების გარეშე, დასხდნენ, იმსჯელონ, ისაუბრონ და თუკი ისინი შეძლებენ დასაბუთებას და არგუმენტირებას, არავინ იქნება რა თქმა უნდა ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მოწინააღმდეგე. ჩემი გადმოსახედიდან, პრინციპი, რომ სამოქალაქო საზოგადოებებშიც ტრანსპარენტულობის შედარებით მაღალი ხარისხი არსებობდეს, მათ შორის, საქართველოს სამომავლო ევროპული პერსპექტივის გასაფრთხილებლად, არის აუცილებელი. ეს არ ნიშნავს, რომ ცალკეულ ტერმინებზე არ მაქვს კითხვის ნიშანი და მსჯელობის სურვილი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.