logo_geo
eng_logo
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს
- +

5 მარტი. 2023. 17:53

 

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე, რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლა, 31:7 დაამარცხა და 19 მარტს პორტუგალიის წინააღმდეგ ფინალში ითამაშებს.

 

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურის გარდა, „ბორჯღალოსნებმა“ მე-16-ედ მოიპოვეს ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც 2002 წლიდან, ქართული მხარის ინიციატივით, საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთშეხვედრებში (მსოფლიო თასის ეგიდით ჩატარებული მატჩების გარდა) თამაშდება, რუმინელებს ეს თასი 6-ჯერ აქვთ მოგებული.

 

პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა ორი ლელო დადეს (მერაბ შარიქაძე, სანდრო თოდუა), რომელიც თედო აბჟანდაძემ ორჯერვე ზუსტად გარდასახა, მანვე თამაშის დასაწყისში ერთი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 17:0 მოიგეს.

 

„ბორჯღალოსნებმა“ მეორე ტაიმიც აქტიურად ჩაატარეს, ტაიმის დასაწყისში ტექნიკური ლელოთი კიდევ უფრო დაწინაურდნენ – 24:0, რასაც რუმინელებმა ერთი ლელოთი და გარდასახვით უპასუხეს.

 

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს 31:7 მოუგო და ფინალის საგზურთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასი მე-16 მოიპოვა.

 

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ფინალისტი 4 მარტს გამოვლინდა – პორტუგალიის ნაკრებმა ლისაბონში ესპანეთი 27:10 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

 

ამრიგად, 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას ეთამაშება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი 20:15 საათზე, „ბრინჯაოს ფინალში“, ერთმანეთს ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებები შეხვდებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner