„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობის ქვეყანა“ - საქართველო ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მასპინძელია. ღონისძიება გერმანიის დედაქალაქში იმართება და მას ოფიციალურად საქართველოს პრემიერ მინისტრი გახსნის.
ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში უკვე გაემგზავრა და გამოფენის გახსნამდე ერთი დღით ადრე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. მანამდე კი გერმანიის დედაქალაქში სამზადისი მიმდინარეობს
„საქართველომ ნამდვილად ძალიან დიდი და კომპლექსური გზა გაიარა, იმისთვის რომ უკვე ხვალიდან წარდგეს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ასეთ მნიშვნელოვან და მაღალი რეპუტაციის მქონე ტურისტულ გამოფენაზე. პირველ რიგში, ეს ძალიან დიდი ღირებულების მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდისთვის, პოზიციონირებისთვის. მეორე მხრივ, ეს ხელს უწყობს ჩვენი ადგილობრივი მეწარმეობის გაძლიერებას. ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, რომ გამოფენის ფარგლებში, ჩვენთან ერთად ქვეყნის მთავარ სტენდზე წარმოდგენილია 80-ზე მეტი ადგილობრივი ქართული კომპანია, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა მომდევნო დღეების განმავლობაში ბიზნეს ურთიერთობები დაამყარონ საერთაშორისო პოტენციურ პარტნიორებთან, რაც საბოლოო ჯამში აისახება ტურისტული ნაკადების ზრდაზე“, - მიიჩნევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.