„ხაბეიშვილს თავი მართლა თავმჯდომარე ხომ არ ჰგონია? გადიდკაცებული მარიონეტი... ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტში ხდება, ვნებს და ძირს უთხრის დემოკრატიას, საუბარი ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის დიდ ნაწილს შეეხება“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საზოგადოებაში ოპოზიციის მხარდაჭერა არის ნული.
„ნათლად გამოჩნდა, რომ ოპოზიცია და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული პოლიტიკური კულტურის გამტარებელია, მათი მოწოდებები და ქმედება ცდება ცივილურ სამყაროში დამკვიდრებულ ქცევის წესებს, სამაგიეროდ შეესაბამება მესამე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას. ოპოზიცია შორს წავიდა, მათი განცხადებით (ხაბეიშვილი და ა.შ.), მზად არიან, ხელისუფლებას ფიზიკურად შეებრძოლონ, მაგრამ დანარჩენი თქვენზე, ხალხზეა დამოკიდებულიო. ხალხმა ოპოზიციისადმი დამოკიდებულება არაერთხელ დააფიქსირა, საზოგადოებაში ოპოზიციის მხარდაჭერა არის ნული, ვაშაძისთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვა „ზერო“. როცა კაზინოში საქართველოს განვითარების სტრატეგიაზე სამუშაოდ შედის, დარდს ზეროზე დადებით იქარვებს... რაც შეეხება პრივილეგირებულ არასამთავრობო სექტორს, საკუთარ კვლევებშიც კი ხალხის 4 %-იანი მხარდაჭერა აქვთ, ეს ნიშნავს, რომ მათი მუშაობის პრინციპი, გაუმჭვირვალობა და ორგანიზაციის ქმედება გადახედვას მოითხოვს, რადგან მათი მუშაობის პრინციპი ქართველი ხალხის მოთხოვნებისგან შორს დგას“, - წერს ჩიხელიძე.