logo_geo
eng_logo
„ერთხელ მაინც თუ გინახავთ როგორ ცახცახებენ შეშინებული ადამიანები?..“
- +

30 აგვისტო. 2016. 22:27



„ეს ყველაფერი ჟურნალისტების და უფლებადამცველების გვერდიდან გადმოვწერე. ის, რაც სააგენტოებმა უკვე გამოაქვეყნეს, ბოლოშია."- ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ფილმ „ჰეროკრატიას" ნახვის შემდეგ ჟურნალისტების შეფასებებზედა შთაბეჭდილებებზე წერს:



ილია ჩაჩიბაია: ახლახანს დავბრუნდი კინოთეატრ "რუსთაველი"-დან, სადაც გოგა ხაინდრავას მიერ, რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით გადაღებული ფილმის "heroკრატია"-ს ორი სერიის დახურული ჩვენება გაიმართა. მძიმე საყურებელი იყო, მაგრამ ნამუშევარი ძალიან კარგია. მოქმედება ვითარდება გლდანის ცნობილ საბყრობილეში, სადაც პოლიტიკური მოტივით დაკავებულ სტუდენტს სასტიკად ებყრობიან... ფილმი ტელეეკრანებზე მალე გამოჩნდება...


დარბაზიდან შოკირებულები გამოვედით, საუბრის უნარი დავკარგე...


ვფიქრობ, ამ სისასტიკის შემოქმედნი სათანადოდ დასჯილი რომ არ არიან დღევანდელი მთავრობის ბრალია; მეორესმხრივ კი "ნაციონალური მოძრაობის" (როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაციის) აკრძალვის საკითხი უფრო კატეგორიულად უნდა დაისვას;


 

თამთა კაკაურიძე: პირველ ნაწილს ბოლომდე ვუყურე, რამდენჯერმე დავაპირე დარბაზიდან გასვლა, მაგრამ ჩემთვის იმდენად ნაცნობი იყო ალექსანდრეს ისტორია, თავს უფლება არ მივეცი, ბოლომდე არ მენახა. ჯერ კიდევ "რეზონანსში" მუშაობისას დავწერე ალექსანდრეს ისტორია, ცოტა დაუჯერებელი იყო ამდენი ტანჯვაგადატანილი ადამიანი ჩემს წინ როგორ ამაყად იჯდა და მიყვებოდა თავის თავგადასავალს. პირველივე ნახვისას მითხრა, ახლოს არ დამიჯდეთ, ქსნის ციხეში ვიჯექი და არ ვიცი რა მჭირსო.. ძალიან დავითრგუნე მაშინ.. ბევრჯერ მოვყევი მას შემდეგ ეს ისტორია და ყველასთვის დაუჯერებელი იყო. ახლა ფილმის ნახვისას თავიდან გავიარე ყველაფერი, რაც სტატიის დაწერისას 2013 წელს;


 

კოტე ინაშვილი: ვუყურებ, გოგა ხაინდრავას ფილმის პრემიერას და ერთი, მეტად ცოდვიანი აზრი მიტრიალებს თავში:  რეჟიმის ციხის ჯალათები დღესაც რევანშზე და VENDETA ზე ფიქრობენ. თითქოს, ჩვენ ვაწამებდით და ვკლავდით, თითქოს მათ გადახდათ თავს ის, რაც 300 000 ზე მეტმა, უდანაშაულო ადამიანმა იწვნია საკუთარ თავზე...


პრობლემა ჩვენშია, საზოგადოება ისე დაატერორა სააკაშვილის რეჟიმმა, რომ ის რაც

ხდებოდა, თითქოს ვიმსახურებდით და ასე იყო საჭირო...

სამწუხაროა, თუ საბედნიერო აღარ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთია: - ძალიან დაშინებული და დაჩმორიკებული ვართ...



ანი კიკნაძე: სიზმარში რომ გინდა გაქცევა და ვერ გარბიხარ, ყვირი და ხმა არ ამოგდის, ზუსტად ასე, ერთადერთი განსხვავებით, სიზმრიდან იღვიძებ!

დარბაზში შესვლამდეც ვიცოდი და არ დამვიწყებია, არასდროს დამავიწყდებიან ნაწამები გვამები და შეშინებული ცოლები, დედები და შვილები ამ გვამების. ჰეროკრატიას ბევრი კინოკრიტიკოსი ეყოლება და სისულელეა ამას უყურებდე როგორც კინოს. ეს იყო საშინელებათა სანტა ბარბარა, რომელიც არასდროს დამთავრდება. იმიტომ არ დამთავრდება, რომ ვიღაც ნაბიჭვრებმა, გაბედეს და იმ პატიმრების გვამები დაივიწყეს, მათი შვილებიც დაივიწყეს და ყველაფერი დაივიწყეს. უბრალოდ დაივიწყეს ყველაფერი, თანამდებობების გარდა.


გამოგონებული არაფერია. სადღაც ერთი რიგის ზემოთ ზის ადამიანი, ვისზეც გიყვებიან. ყვებიან როგორ სცემდნენ, როგორ იხრჩობოდა საკუთარ სისხლიან ნახველში, ყვებიან ყველაფერს, რასაც შეიძლება ვერც გაწვდეს გონება, ვერ დაიჯერო რომ ასეთ საზარელ ცხოველად, საშინელებათა ფილმის ურჩხულად გადაიქცეს ადამიანი.


ვზივარ ახლა მეტროში და ამ სახეებს რომ ვუყურებ, არ ვიცი ვინ ვინ არის. ზოგი რეგისტრატორს ჰგავს-ციხის რეგისტრატორს, ზოგი ადვოკატს, ზოგი ექიმს - ციხის ექიმს, ზოგი ბადრაგია, პროკურორია, გამომძიებელია, დაცვის თანამშრომელია, მსხვერპლია... ჩვენ ვართ ეს ადამიანები, ამ სისტემის ნაწილი, ვინც ან ხელი შევუწყვეთ ან ხელი ვერ შევუშალეთ, რომ ჩვენ შორის უდანაშაილო სახეებით დადიოდნენ ადამიანები, სასტიკი ურჩხულები. დადიოდნენ ცოცხალი მკვდრები.


რა პათეთიკა?! ერთხელ მაინც თუ გინახავთ როგორ ცახცახებენ შეშინებული ადამიანები, ერთხელ მაინც გულთან თუ მიგიტანიათ ის რაც თქვენ ცხვირწინ ხდება...



დაჩი ცაგურია: ეხლა დავბრუნდი სახლში, ვნახე ეს პირველი სერია სააკაშვილის რეჟიმზე გადაღებული სერიალის. ეს ყველაფერი ნანახიც მაქვს და განცდილიც, ყველა ამბობს რომ მძიმეა, მე ვთვლი რომ სულ ბოლომდე მაინც ვერ გამოხატავს სააკაშვილის სისხლიან რეპრესიებს. გაცილებით უფრო მძიმე და დაუნდობელი იყო სააკაშვილის რეჟიმი. სისტემა, რომელიც ნაცმოძრაობამ შექმნა იყო ადამიანების გამანადგურებელი. ფილმის ყურებისას ისევ თვალწინ გამიცოცხლდა როგორ მცემდნენ, მაწამებდნენ, როგორ დამიმტვრიეს ხელის მტევანი, როგორ ჩამიტეხეს ხეხრემლის მალები, როგორ გადმომაგდეს მიკროავტობუსიდან ხელები მქონდა უკან შეკრული და მუხლებზე დაავეცი, მულებიც დამიზიანდა და დღემდე მაწუხებს... ცემისგან გახეთქლი თავიც გამახსენდა უფრო სწორედ გამახსენდა, თუ როგორ ჩამომდიოდა მარჯვენა თვალში სისხლი გახეთქილი შუბლიდან, გამახსენდა თავზე ხელკეტის ჩარტყმის შედეგად წარმოქმნილი შეშუპება, რომელმაც თავის ფორმა შემიცვალა და მთავასით მქონდა ამოზნექილი, ხელის დადებაზე საშინელ ტკივილს განვიცდიდი. შემოხეული ტანსაცმელიც გამახსენდა, კიდევ გამასხენდა მაშინედელი ომბუდსმენი სოზარი და მისი აპარატის თანამშრომლები, ერთ-ერთი ჩვენთან ერთად სცემეს დაუნდობლად. ჟურნალისტებიც გამახსენდა, როგორ გადაამტვრიეს თავზე კამერები, დალეწილი ოპერატორებიც გამახსენდა კამერაში რომ შემოყარეს დასისხლიანებულები. გამახსენდა ე.წ. ხელკეტების დერეფანი როგორ გაგვატარეს, სადაც ყველა მხრიდან რაღაც ბლაგვი ნივთი, წიხლი, ხელი ფურთხი მხვდებოდა...


კიდევ გამახსენდა სულში როგორ ჩამაფურთხეს დაჭერილი რომ ვიყავი, დადედაჩემი როგორ უცემიათ მხოლოდ იმიტომ, რომ დედაჩემი იყო...


პატიმრობაც გამახსენდა, როგორ ვაღებინე სისხლი, გამახსენდა, კიდევ გამახსენდა როგორ ვშარდავდი სისხლს, გამახსენდა ხერხემლის დაზიანების მომენტი ფეხებში გრძნობა რომ დავკარგე და არც კი მიფიქრია ხეიბრად დარჩენაზე, ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი რომ მოვკვდებოდი. მახსოვს ტიპი თავში ბეისბოლის ბიტას, რომ მირტყავდა და მაგინებდა, რუსეთის აგენტები ხართო რომ ღრიალებდა ეგეც გამახსენდა, მერე გამახსენდა როგორ მიბრუნდებოდა ნელ-ნელა გრძნობა ფეხებში, სასამართლოს ეზოში როგორ მცემეს ისიც გამახსენდა მიზეზი იცით რა იყო? "რამდენს ლაპარაკობდი სასამართლოზე შენი ბოზი დედამოვტყან, ინტრიგანი ყოფილხარო" კიდევ გამახსენდა ათობით გაფარჩაკებული მოსამართლე, რომელმაც სხვადასხვა დროს "გამასამართლეს" უფრო სწორედ ბეჭედს როგორ ურტყამდნენ აშკარა სიყალბეს ეგ გამხსენდა, კიდევ გამახსენდა ჩემს წამებას რომ იღებდნენ, ნაცემს რომ მიღებდნენ ეგეც გამახსენდა, "ევროსტანდარტების" კამერაც გამახსენდა ვირთხაც გამახსენდა რომ მყავდა, ტანს რომ არ მაბანინებდნენ არასოდეს ეგეც გამახსენდა, ტანზე ხელკეტების რტყმისგან დახატული ზოლებიც გამახსენდა, ის ნაბოზარი ოფიცერიც გამახსენდა ელბაქიძეზე მაქანიდან რომ გადმომათრია და წიხლებით მცემა მაგრად გავდა ფილმში ციხის უფროსი ვინცაა იმას, კიდევ გამახსენდა ხელბორკილებს როგორ უმოწყალოდ-ბოლომდე მიჭერდნენ, ისე სისხლი რომ ვეღარ მოძრაობდა ლურჯდებოდა ხელი ჯერ მერე შავდებოდა ეხლაც მეყინება ხელი მას შემდეგ, გრძნობები ნელ-ნელ მომივიდა თითებზე ეხლაც მიბრუჟდება...


ჩემი უძლური ადვოკატებიც გამახსენდნენ ხშირად რომ მოდიოდნენ ყურადღებას არ მაკლებდნენ და ისიც გამახსენდა როგორ მიმალავდნენ დედაჩემზე შურისძიების ამბავს. პატიმრობის დღეები გამახსენდა, ჩემი მეგობრები როგორ დაიჭირეს ეგეც გამახსენდა, მათაც რას უშვებოდნენ როგორ აწამებნენ ეგეც, კიდევ გამახსენდა არჩევნების შემდეგ მონიტორინგის კომისიის ფარგლებში ციხეებში ნანახი და მონაყოლი ამბები, ქსანი, ძველი ქსანი, რუთავი გლდანი გამახსენდა მორგებში ხელბორკილით რომ აბამდნენ ცოცხალ პატიმრებს, როგორ თელავდნენ ფეხქვეშ ადამიანებს, როგორ შედიოდნენ კამრებში და ეუბნებოდნენ რომ პირი გაეღოთ და აფურთხებდნენ, როგორ აშარდავდნენ "შკონკის" ქვეშ შემძვრალ პატიმრებს, ხმადაბლა კი არა ჩურჩულით როგორ საუბრობდა ხალხი შიშისგან ეგეც გამახსენდა. ციხეებში დახოცილი ადამიანების კოლოსალური ციფრიც გამახსენდა, კიდევ გამახსენდა როგორი განადგურებულიც ვიყავი. GCRT (წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი) გამახსენდა და ეს არაჩვეულებრივი ხალხი არასოდეს დამავიწყდება მათი დახმარებით ვარ ცოცხალი და ვწერ ეხლა ამ აივანზე სიგრილეში რაღაცას... გამახსენდა როგორ გვითვალთვალებდნენ, როგორ დამზდევდნენ, როგორ ეშინოდა ჩემს ბევრ ნაცნობს ჩემთან მოსალმება, როგორ ეშინოდათ როცა ვურეკავდი ჩემს ნაცნობებს მეგობრებს, ნათესავებსაც კი ეშინოდათ თქვენ წარმოიდგინეთ ტელეფონზე ჩემთან ლაპარაკი. მოკლედ, მახსოვს ყველაფერი! ძალიან კარგია ეს ფილმი რომ გადაიღეს, მე ის მაინტერესებს აქამდე რატომ არ გადაიღეს და იმედი მაქვს სხვებიც გადაიღებენ. აუცილებლად უნდა მოდხეს ასე რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაწეროს, გადაიღოს, დადგას რაც ხდებოდა რომ აღარასოდეს განმეორდეს ის არაადამინობა, ის სისასტიკე, რომელიც თავს დაგვატყდა ყველას ერთად;

 

 

მარინა აბულაძე: მე რომ ახლა, ჩემი და იქ მყოფთა ემოციები საჯაროდ დავწერო, ძალიან ბევრ ადამიანს დავემშვიდობები...


ეს არის უმაღლეს დონეზე გადაღებული ფილმი, ბრწყინვალე მსახიობებით, ძალიან ზუსტად არჩეული ტიპაჟებით, ოპერატორული ნამუშევარი შეუდარებელია და... მოკლედ, ეს არის კინო, რომელსაც ძალიან ხშირად ვუყურებთ ამერიკული ციხეების ცხოვრებაზე, თუმცა ამერიკა "ჩვენს გლდანის ევროპული დონის საშინელებათა ციხესთან" ახლოსაც ვერ მოვა......საშინელი და უძლიერესი ემოცია... გოგას ნერვების შემშურდა... ბრავოო, რომ გაბედე და გადაიღე ასეთ დონეზე! უძლიერესი რეჟისორი ხარ, ძალიან ძნელია ასეთი უმძიმესი ფილმის (ამჯერად) - სერიალის რეჟისურა... კიდევ ერთხელ - ბრავოოოოოო რეჟისორო!


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner