logo_geo
eng_logo
სხვანაირად ღმერთმა ნუ ქნას
- +

7 მარტი. 2023. 18:37

 

 

ამაზე დიდი პარადოქსი რა უნდა იყოს? - „მეგობრები“ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებიდან, დემოკრატიის სახელით, საკითხის განხილვის(!), მასზე მსჯელობის(!) უფლებას გვიზღუდავენ(?). არათუ გვიზღუდავენ - გვიკრძალავენ(?), რადგან ყველა მათი „შეგონება“ დამოუკიდებელი და ღირსების მატარებელი სახელმწიფოსთვის ყოვლად მოუთმენელი, დღემდე გაუგონარი მუქარებით მთავრდება - „...თორეეე, ვერ ეღირსებით ევრო-ატლანტიკურ გზაზე წინსვლასო“.

 

იცით, ეს რას ნიშნავს, ჩემო კეთილო მკითხველო? - ეს იმას ნიშნავს, რომ „დაცულობისა და კეთილდღეობის“ სანაცვლოდ ჩვენგან ბრმა მორჩილებას ითხოვენ, ანუ „ჰოპლას“ ერთ დაძახებაზე თუ ჩვენს დაკრულზე არ იცეკვებთ, არაფერში გვჭირდებითო. „დაცულობას და კეთილდღეობას“ ბრმა მორჩილების სანაცვლოდ, „ენციკლოპედიური განმარტებით“, ოდითგანვე, ერთი მეტად დამამცირებელი სახელი აქვს - მ ო ნ ა.

 

ეს ხომ ერთი შემთხვევა არ არის, ეს ხომ გამონაკლისი არ არის მათი მხრიდან? - მარტო ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი დამაფიქრებელი ფაქტი და მოვლენა დაგროვდა: არეულობისა და გადატრიალების მცდელობა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების მხრიდან პროცესებზე „საეჭვო“ მოდერატორობით; არეულობისა და გადატრიალების მომზადება 2021 წლის არჩევნებისთვის, მის წინმსწრებ პერიოდში ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის ფართო წარმომადგენლობის „საეჭვო“ ჩართულობით, ანტიდემოკრატიული (43%-იანი ბარიერი) „რეკომენდაციებითა“ და მკვეთრად ნეგატიური როლით; კანდიდატის სტატუსის არ მოცემა, როცა სხვებზე უპირატესი ვიყავით; ევროპარლამენტის სამი სამარცხვინო, ქვეყნისა და ერისთვის ყოვლად შეურაცხმყოფელი რეზოლუცია... ახლა კიდევ ეს ისტერიკა - გამჭვირვალობა რა თქვენი საქმეა, თქვე მეორეხარისხოვნებოო.

 

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის საერთო შინაარსი ასე გამოიყურება - ფაქტი და არგუმენტი არ გვაინტერესებს... სანამ მუხლებზე დაჩოქილს არ გნახავთ, გასაქანს არ გაღირსებთო. ასე რომ, ასკინკილათი შესვლა, დაოთხილი შესვლა თუ ხოხვით შესვლა... თუ ღირსებით ქვეყნის ინტერესების დაცვა - „საკითხავი აი, ეს არის“...

 

ბოლო ფრაზით, ჩემო მკითხველო, ხატოვანებას გადავუხადე ხარკი, თორემ ვისაც ეს ქვეყანა გვიყვარს და ჩვენ სამშობლოდ მიგვაჩნია, დიდი ხანია ვთანხმდებით, რომ - თუ სადმე შესვლას გადავწყვეტთ, ეს იქნება მხოლოდ წელში გამართული შესვლა(!).

 

ამ დიდი ისტორიის მეორე ტრაგიკული ამბავი ის არის, რომ საერთო აღიარებით, რაც მთავარია, ევროკავშირის სახელმწიფოების მოქალაქეთა დიდი ნაწილისა და პოლიტიკოსთა გარკვეული გავლენიანი წრეების აღიარებით, თვითონ ევროკავშირი არ არის თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოხსენებული ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართული საზოგადოების წინაშე არაერთხელ დაისვა სრულიად ლეგიტიმური კითხვა - გვინდა კი ისეთი ევროპა, რომელიც თვითონ წარმოადგენს დანამატს და გლობალური ომის პარტიის ბრძანებების ბრმა შემსრულებელს?

 

აირია მონასტერი... „დემოკრატიულ დასავლეთში“ სიტყვა და საქმე, პრინციპები და რეალობა ისე არასდროს ყოფილა ერთმანეთისგან დაშორიშორებული, როგორც ამას ბოლო წლებში ვაკვირდებით, განსაკუთრებით ამერიკის უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ვითარების კიდევ უფრო არევას ხელს უწყობს ომი უკრაინაში. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, უფრო მეტიც, დარწმუნებული ვართ, რომ არიან ძალები, ვინც ამ წინასწარ დაგეგმილ არეულობაში ხელს ითბობს. სწორედ ამ ძალების კრებსითი სახელია „გლობალური ომის პარტია“ და მთელი პროცესი ამ ერთი დიდი ცენტრიდან იმართება.

 

ჩვენი ამოცანაა, აღნიშნული ცენტრის მიერ ჩვენთვის განსაზღვრული „მეორე ფრონტისა“ და „საზარბაზნე ხორცის“ როლი როგორმე ავიცილოთ თავიდან. უკრაინის ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება, სავარაუდოდ, ამერიკის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. უახლოეს დღეებში „გლობალური ომის პარტიის“ ოფისის საქართველოს ფილიალი, აშშ-ის საელჩო, სუსტი ელჩის უფრო გამოცდილი კადრით ჩანაცვლების შემდეგ, კიდევ უფრო გაძლიერდება. უნდა ველოდოთ, მათთვის არასასურველი ეროვნული ხელისუფლების მარიონეტული რეჟიმით ჩანაცვლების მიზნით, ახალ-ახალი არევის მექანიზმების გამოყენებას.

 

ჯერჯერობით მაგრად ვდგავართ და იმედია, ასე გავაგრძელებთ. სხვანაირად გამორიცხულია, სხვანაირად ღმერთმა ნუ ქნას.

 

ბიძინა  დვალი

07.03.2023 წ.

 

P.S. ძველ საბჭოთა დროში თბილისის მავანი სტუმარი თურმე სასტუმრო „საქართველოს“ ტელეფონზე რეკავდა და შემთხვევით ვიღაცის ბინაში მოხვედრილა:

- „ალო, ეს საქართველოა?..“ - უკითხავს სტუმარს.

- „სხვანაირად ღმერთმა ნუ ქნასო...“ - უპასუხია კაცის ხმას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner