logo_geo
eng_logo
შავი ლაქა
- +

7 მარტი. 2023. 22:41

 

 

კელი დეგნანს უბრძანებია - „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეაო“. ჭეშმარიტი კოლონიალისტის განცხადებაა, ვერაფერს იტყვი.

 

მსგავსი თავხედობა, 60-იანი წლებიდან მოყოლებული, არცერთ რუს ცეკას მდივანს არ უკადრებია ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, ხელისუფლებისთვის,.. თუნდაც თავისი თავისთვის, რაც ამ ვერშემდგარმა დიპლომატმა იკადრა. პარალელი უფრო მძიმე შთაბეჭდილებას მოახდენს, თუ გავიხსენებთ, რომ მაშინ, დღევანდელისგან განსხვავებით, საქართველო რუსული სახელმწიფოს ნაწილი იყო და ხელისუფლებაც მოსკოვიდან ინიშნებოდა და იმ ცეკას მდივნებს, შესაბამისად, უფრო ფართო უფლებებიც ჰქონდათ.

ერთი წლის წინ კულისებიდან კი არ გამოჟონა, არამედ გამოტყორცნა ინფორმაციამ, რომ ამერიკის ელჩი „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან კატეგორიულად, მაგიდაზე მუშტების ბრახუნით მოითხოვდა, საქართველო შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თბილისის აეროპორტიდან კიევში გაეგზავნათ მოხალისეების რამდენიმე თვითმფრინავი და უკრაინელი მებრძოლებისთვის მიეწოდებინათ იარაღი, რომელსაც შემდგომ შეგვივსებდნენ. ფაქტობრივად იყო არაორაზროვანი მოთხოვნა, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, „ამხანაგმა ცენტრიდან“ გადაინაცვლა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში და ახლა მისგან მოითხოვა, ხელისუფლება ეიძულებინა, დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნები, ან თვითონ დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში და აღნიშნულზე თავად აეღო პასუხისმგებლობა.

 

ასეთია „მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ რუსული გაგების ზუსტი ანალოგი - ამერიკული გაგება, რისი მომსწრეც, თავისი მძიმე შედეგებით, არაერთხელ ვყოფილვართ სხვა სახელმწიფოების მაგალითზეც. სპეციალური მისიით მოვლენილმა ოფიცერმა საბრძოლო დავალება ვერ შეასრულა და თანდათან, დროთა განმავლობაში, შეიძულა ეს ქვეყანაც, ეს ხალხიც და განსაკუთრებით ჩვენი მანდატით აღჭურვილი ხელისუფლება. პოლიტიკაში და არა მარტო პოლიტიკაში, დამარცხებულ ქალბატონებს სისუსტის მსგავსი გამოვლენა ხშირად ახასიათებთ. ეს გახლავთ უარყოფილი ქალის სინდრომი, რომელიც მზად არის, ირგვლივ ყველაფერი ნაკუწებად აქციოს.

 

ამ ამერიკელი „მოღვაწის“ საქმიანობისადმი იმდენი წერილი მაქვს მიძღვნილი, რომ პრეტენზია გამიჩნდა, მთავარ დეგნალოლოგად ვიწოდებოდე. აქედან გამომდინარე, ბევრზე აღარ დავკოკრეტდები. დაინტერესებულ მკითხველს „რეპორტიორის“ არქივში შეუძლია მოიძიოს მისი ავტორობით მოწოდებული „სიკეთეების“ სრული ნუსხა.

 

რაც შეეხება დღევანდელ „შეფასებას“ - ეს არის კლასიკური მაგალითი უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევისა. უფრო მეტიც, ეს არის გზავნილი კრიტიკულად განწყობილი საზოგადოებისადმი, არეულობის ორგანიზებაზე წაქეზების მიზნით, ანუ არის პროვოკაციის ორგანიზების მცდელობა სახელმწიფოს წინააღმდეგ.

 

ასეთი რამ პირველი არ არის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში. 2011 წლის 26 მაისს საქართველოს ისტორიაში ყველაზე სასტიკი დარბევის ბრძანება ფაქტობრივად ამერიკის მაშინდელი ელჩის, ჯონ ბასის პროვოკაციული შეფასებების საფუძველზე გაიცა, რასაც მის მიერ, მეორე დღეს, მოჰყვა მშვიდობიანი მიტინგის სისხლში ჩახრჩობის პირდაპირი და სრული გამართლება(?!).

 

ყოველივე ზემოთქმულიდან იკვეთება დასკვნა, რომ კელი დეგნანი არის დემოკრატიის სახელით ანტიქართული საქმეების მკეთებელი, ქართველთმოძულე რუსი და ამერიკელი წარმომადგენლებისა და ელჩების ტრადიციების „ღირსეული“ გამგრძელებელი, ანუ საქართველოს უახლესი ისტორიის „შავი ლაქა“.

 

საქართველომ უარი თქვა რუსულ კოლონიალიზმზე და აღარასდროს გახდება „ობიექტი“ სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში. ასეთია ქართველი ხალხის მტკიცე და ურყევი პოზიცია.

    

ბიძინა  დვალი

07.03.2023 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner