logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე 7 მარტის აქციაზე: გუშინდელი დღე სრულად ტყუილს ეფუძნებოდა
- +

8 მარტი. 2023. 16:16

 

 

„რუსთაველის მრავლისმნახველმა გამზირმა კიდევ ერთი პროტესტი იხილა, პროტესტი რომელსაც საქართველო არ იმსახურებდა. ოპოზიციამ საზოგადოება კიდევ ერთხელ მოატყუა, მორიგ ჯერზე დააჯერა, რომ თეთრი შავია. როცა ერთხელ მოგატყუებენ მომტყუებლის ბრალია, შემდეგ ჯერზე კი შენი ბრალეულობა უნდა ეძებო“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე 7 მარტს პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც საზოგადოება ე.წ. აგენტების კანონის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდა.

 

ჩიხელიძე მიიჩნევს, რომ რუსთაველზე მყოფი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა კანონის წაუკითხავად ამბობდა, რომ ეს არის რუსული კანონი.

 

მისი თქმით, საპროტესტო აქციაზე შსს-ს თანამშრომლები ზედმიწევნით იცავდნენ კანონს.

 

„ემოციურობა სჯობნის გონიერებას, რაც დაუშვებელია, ემოციურობამ ხშირად გადაგვჩეხა, გაგვანადგურა და უკან დაგვხია. ისევ იგივე შეცდომას ვიმეორებთ, რამდენჯერ უნდა ავყვეთ პროვოკაციას? გუშინდელი დღე სრულად ტყუილს ეფუძნებოდა, ოპოზიციური ტელევიზიები პირდაპირ ამბობდნენ, რომ პარლამენტმა კანონი მიიღო, რაც სიცრუეა. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ამბობდა, რომ კანონი რუსულია და ის ევროინტეგრაციას გვაშორებს, რაც, ასევე, სიცრუეა. რუსთაველზე მყოფი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა კანონის წაუკითხავად ამბობდა, რომ ეს არის რუსული კანონი. კანონს რომ რუსული უწოდო, მინიმუმ სამი კანონი უნდა გქონდეს წაკითხული. ქართული, რუსული, ამერიკული. ვეკითხები აქციის მონაწილეებს, ეს კანონები წაკითხული გაქვთ? საქმის არსი არ იცით და რას აპროტესტებთ?

 

ცალკე აღნიშვნის ღირსია შსს-ს თანამშრომლების მოქმედება, რომლებიც ზედმიწევნით იცავდნენ კანონს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვაჩვენა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არათუ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, არამედ ევროპისთვისაც კი მიუღწეველ დონეს ამკვიდრებს. აქციის მონაწილეთა მხრიდან გამოჩენილ აგრესიას გამართლება არ აქვს, ყველა უმკაცრესად, კანონის მოთხოვნის შესაბამისად უნდა დაისაჯოს!

 

რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც უტიფრად ამბობენ, რომ გუშინდელი დემონსტრაცია, მშვიდობიანი აქციის კლასიკური მაგალითი იყო, თქვენ კარგად ხართ? დამწვარი მანქანები, 66 დაზიანებული პოლიციელი, მოლოტოვის კოქტეილი, პარლამენტის ჩამსხვრეული მინები და ა.შ. ეს არის მშვიდობიანი აქცია? ერთხელ მაინც აიღეთ პასუხისმგებლობა იმ აგრესიაზე, რაც თქვენს აქციებს ახასიათებს. ლაჩრული პოზიციაა თქვენი პოზიცია, რომელიც ხალხის მარტო დატოვებაში და ბოლო მომენტში ჩირგვებში დამალვაში გამოიხატება“, - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner