„ქართული ოცნება“ და სხვა პარტიებიც წლიურ საფინანსო ანგარიშს აბარებენ მოქალაქეებს, რომ მათ ნახონ ყველა შემოსავალი იქნება თუ გასავალი. ამას გარდა, არსებობს ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“, რომელსაც ასევე შექმნილი აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ასევე „დროა“ ჰქვია. მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ელენე ხოშტარიაა და რომლის გამგეობის წევრები არიან პარტია „დროას“ წევრები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.
„დროას“, როგორც პარტიას, შარშან, მთელი წლის განმავლობაში ჰქონდა დაახლოებით 40 000 ლარი შემოსავალი და გასავალი და თითქოს ეს იყო ყველაფერი. ეს ყალბი კონსტრუქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „დროას“ სახით გამოყენებულია იმისთვის, რომ მიიღონ ფინანსები, რომელიც ისე არ შეიძლება, რომ პარტიამ მიიღოს, ვინაიდან პარტიას ეკრძალება უცხოური დაფინანსების მიღება. რას ვხედავთ? არასამთავრობო ორგანიზაცია „დროას“ თუ შევხედავთ, ამბობენ, რომ არსებობს გარკვეული რეესტრები, სადაც აღირიცხება, მიღებულია თუ არა ესა თუ ის გრანტი. ამ გრანტების რეესტრში, არასამთავრობო ორგანიზაცია „დროა“ საერთოდ არ ფიგურირებს - 0 გრანტი აქვს თითქოს. თავად ელენე ხოშტარიას განცხადებით, მას აფინანსებს ევროპის დემოკრატიის ფონდი, თუმცა არავინ არ იცი, რა თანხით და რა მიზნებით. ეს არის ტიპური სქემა, რომელიც ბევრ პარტიას აქვს გამოყენებული. სწორედ მოქალაქეების უფლებაა იცოდნენ, რა ფული ტრიალებს პოლიტიკაში და რა ფულით ფინანსდებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღებასა და მის ფორმირებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.