"იმ მოქალაქეებს მივმართავ, ვინც პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან, სწორედ მათი ინტერესია იცოდნენ, რა ფული ტრიალებს პოლიტიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ფინანსები შემოდის სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა მიზნითა და ფორმით.
„აქ საუბარია იმაზე, რომ მოქალაქე იყოს ინფორმირებული, რომ ის ხალხი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს და ამაში მონაწილეობს, ვინ არიან და ვისგან ფინანსდებიან. რაც შეეხება უცხო ძალის თუ ა.შ. ამ ფორმულირებას, როდესაც საუბარია პოლიტიკური პროცესების გავლენაზე, ყველა ქვეყანა აწესრიგებს ამას ამა თუ იმ წესით, ქმნის გარკვეულ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ სხვა ქვეყნის გავლენები მინიმუმ გამჭვირვალე იყოს. აქ ხომ არ არის საუბარი იმაზე, რომ რამე შეიზღუდოს, თუ არ უნდა შეიზღუდოს, მგონი, საზოგადოება ამაში გაერკვა, არავინ არავის არ ზღუდავს. ერთადერთია ის, რომ ისევე როგორც საჯარო მოხელეები და პოლიტიკური თანამდებობის პირები ვართ გამჭვირვალე მოქალაქეების მიმართ და ვაჩვენებთ ჩვენ ფინანსებს, ისევე როგორც პარტიები, ჩვენი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენ ჩართული ვართ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, გამჭვირვალე ვართ მოქალაქეების მიმართ და ვაჩვენებთ ჩვენ ფინანსებს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არიან ამაში [გადაწყვეტილებების მიღებაში] აქვთ ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ. მოქალაქეებს კი აქვთ უფლება, იცოდნენ მათ შესახებ. რაც შეეხება ტერმინოლოგიას,ამაზე მსჯელობა როდესაც გახსნილი იყო, ამას ყურადღება არ მიექცა და ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ეს იყო მხოლოდ საბაბი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ჩაეშალათ ყოველგვარი მსჯელობა გამჭვირვალობაზე. სინამდვილეში ეს არის სურვილი, რომ დაიფაროს ის ფინანსები, რომელიც ტრიალებს პოლიტიკაზე ზეგავლენის მხრივ. იმ მოქალაქეებს მივმართავ, ვინც პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან, სწორედ მათი ინტერესია იცოდნენ, რა ფული ტრიალებს პოლიტიკაში,“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.