ავტორი ანა ნონიკაშვილი
„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ასეთი მშვიდი, წყნარი და გაწონასწორებული საარჩევნო კამპანია არ ყოფილა",- ამ სიტყვებით აფასებს „რეპორტიორთან" საუბრისას „ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე წინასაარჩევნო გარემოს.
აბესაძის განცხადებით, დღეს პოლიტიკურ ორგანიზაციებს შეუძლიათ, თავისუფლად ესაუბრონ ამომრჩეველს. აბესაძე აღნიშნავს, რომ პარტიული დისციპლინის მხრივ „ქართული ოცნება" გამორჩეულია.
„წინასაარჩევნო გარემო არის მშვიდი. ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს იმის შანსი და რესურსი, რომ თავისი ხმა მიიტანოს ამომრჩევლამდე. მნიშვნელოვანია, რომ არცერთი პოლიტიკური ორგანიზაცია არ საუბრობს სიძულვილის ენით. თავისუფლად საუბრობენ თავიანთ პოლიტიკურ პროგრამაზე, შეხედულებებზე, აქვთ ხალხთან შეხვედრები. სახელისუფლებო ბერკეტის ჩარევა, როგორც ეს იყო 2012 წლამდე, არ არის, პირიქით, გახსნილია ყველანაირი პოლიტიკური კომუნიკაციის საშუალებები. ჩვენ ვართ ახალგაზრდა დემოკრატია. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, როგორ ტარდება არჩევნები და ვითარდება ქვეყანა. საქართველო შედგა არჩევნების კულტურის მხრივ, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა კავკასიის რეგიონში. „ქართული ოცნების'' შანსები ცალსახაა, ამას ადასტურებს შეხვედრებიც, წევრების რაოდენობა, პარტიის დღის წესრიგი. პარტიული დისციპლინის მხრივ „ქართული ოცნება" გამორჩეულია",- განაცხადა აბესაძემ.