საქართველოს პრეზიდენტი რეგიონებში "შენი ხმა ჩვენი მომავლია" კამპანიის ფარგლებში საზაფხულო სკოლებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს.
გიორგი მარგველაშვილმა ანაკლიის საზაფხულო სკოლაში ახალგაზრდებთან შეხვედრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე საუბრით დაიწყო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
,,დღეს საოცარ ადგილას შევიკრიბეთ, საიდანაც პირდაპირ ჩანს ჩვენი ისტორიული მიწა აფხაზეთი, რომელსაც დაეუფლნენ ასე უკანონოდ, რომელიც დაპყრობილია და რომელიც აუცილებლად დაგვიბრუნდება.
ის, რითიც უნდა დაბრუნდეს აფხაზეთი, ეს არის ქართული საზოგადოების გაძლიერება, დემოკრატიული განვითარება, თავისუფლება, ეკონომიკის წინსვლა.
ეს მინდა იყოს ნაჩვენები აფხაზებისთვისაც და ოსებისთვისაც.
ის პერსპექტივა უნდა იყოს ნაჩვენები, რომ ჩვენ ვვითარდებით, აფხაზების საკითხიც უნდა იყოს გარკვეულწილად გაზიარებული, ის რა ფორმით ხედავენ აფხაზეთს ჩვენს მომავალში.
ბოლო 2 წლის განმავლობაში მაქვს მცდელობა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ერთიანი მესიჯი ჩამოვაყალიბო, რომ შევთანხმდეთ ძირითად მესიჯებზე, ჩამოვაყალიბოთ ერთიანი ხედვა, რასაც ვეუბნებით აფხაზებს - როგორ ვხედავთ აფხაზეთის და ოსეთის მომავალს, ერთიანი მესიჯი უნდა მიდიოდეს, აფხაზეთში, ოსეთში, მოსკოვში და ვაშინგტონში.
ხედვის მთლიანობა უნდა ჩამოვაყალიბოთ და უბრალოდ, გაერთიანებაზე საუბარი დღეს საკმარისი არ არის.
ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ, ვაჩვენოთ ეს სახელმწიფო, მოვაწონოთ ეს სახელმწიფო, მოვაწონოთ ეს სახელმწიფო მომავალ ქართულ სახელმწიფოში.
მათ უნდა მოსწონდეთ ის როლი, რომელსაც ისინი ითამაშებენ ერთიან საქართველოში.
არც აფხაზებს და არც ოსებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაერთიანებით დადებითი პერსპექტივა არ გააჩნიათ.
თავისუფლება არის მრავალფეროვნება რომელიც ქმნის ერთიანობას",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
„როდესაც აქ ვართ, განსაკუთრებული გრძნობა და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეუფლება. ხდება იმის გააზრებაც, რომ შეცდომები დავუშვით და იმის გააზრებაც, რომ აუცილებლად, სწორი პოლიტიკით და სწორი ნაბიჯებით უნდა აღვადგინოთ ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გადმოგვცეს ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენი სამშობლოს - საქართველოს მთლიანობა", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა პროექტის მონაწილეებს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ისტორიული უსამართლობის დაძლევა მოხდება, როცა საზოგადოება ძლიერი ქვეყნის შენების სურვილით გაერთიანდება.
,,მომავალი ერთი კვირის განმავლობაში, გექნებათ ძალიან საინტერესო სემინარები და თქვენ იმუშავებთ, იმისათვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ შეასრულოს თავისი ვალი სახელმწიფოსა და ქვეყნის წინაშე, მოიხადოს თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობა და მიიღოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში მონაწილეობა - წავიდეს არჩევნებზე.
ამ სამსახურში გაძლიერდება ეს ქვეყანა ისე, რომ ომის, ბრძოლის, ძმათაკვლის გარეშე, ჩვენ გადავალთ, ხელოვნურად გავლებულ გამყოფ ზოლს და აი იქ ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სამშობლოს",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის 20 % ბირთვული სახლემწიფოს მიერაა ოკუპირებული, რომელმაც სამხედრო ძალით მოახდინა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიების ოკუპაცია.
უსაფრთხოების თვალსაზრისით, სერიოზული გამოწვევები გვაქვს, მაგრამ ჩვენ შევდექით არამარტო სახელმწიფოდ, არამედ ჩვენ შევდექით ლიდერ ქვეყანად რეგიონში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, იმ ეკონომიკური, გეოპოლიტიკური პროექტებით, რომელიც საქართველოსთანაა დაკავშირებული.
რა სტრატეგია გვაქვს ამასთან მიმართებაში? უნდა გავაღრმავოთ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, გავაძლიეროთ ორიენტაცია იმ პოლიტიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებზე, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო.
ამ ორივე მიმართულებაში ჩვენ წარმატებული დღის წესრიგი გვაქვს, თუმცა ბუნერივია გვინდა, რომ უფრო სწრაფად ხორციელდებოდეს ეს.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ამასთან მიმართებაშიც ჩვენი პოლიტიკა არის მცდელობა რუსეთთან სიტუაციის არდაძაბვის, რაციონალური, მშვიდი დიალოგის.
მცდელობა, რომ მოხდეს დაპირისპირებული თემების დიპლომატიურ კონტექსტში გადატანა და არა სამხედრო კონტექსტში.
ჩვენ არ ვცდილობთ, რომ რუსეთს ვეომოთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ რუსეთი მივიყვანოთ საერთაშორისო სამართლის დისკუსიამდე და ამ მიმართულებით ვიმოძრავებთ მომავალშიც", - განაცხადა ახალგაზრდებთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. "შენი ხმა ჩვენი მომავალია" პროექტის ფარგლებში მოწყობილი ახალგაზრდული საზაფხულო სკოლების მონაწილეები დაინტერესდნენ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესით, პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის უფლებამოსილებით, საქართველოს დეოკუპაციის საკითხით, საარჩევნო პროცესისადმი მოსახლეობის იმედგაცრუების დაძლევის გზებით.
პროექტი "შენი ხმა ჩვენი მომავლია" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად არჩევნებში მონაწილეობისადმი საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას ითვალისწინებს.