„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც მან ევგენი კისილიოვს მისცა და სადაც აღნიშნა, რომ მიტინგის ერთ-ერთი მიზანი სააკაშვილის გათავისუფლება იქნება.
როგორც ჩიხელიძე აცხადებს, მერაბიშვილმა ოპოზიციის და საკუთარი გეგმები ფაქტობრივად გაამხილა.
„რამდენიმე დღის წინ, ვანო მერაბიშვილმა მისცა ინტერვიუ ევგენი კისილიოვს. ვანომ ფაქტობრივად ოპოზიციის და საკუთარი გეგმები გაამხილა. პირდაპირ თქვა - არც აქციებს და არც კანონს რუსეთთან საერთო არ აქვს. კანონში არაფერია ისეთი, რაც სახელმწიფოს უფლებებს ზრდის, ეს უბრალოდ მიზეზი იყო, რომ აქცია მოგვეწყოო. ვიცით, რომ მმართველი გუნდი უკან არ დაიხევს, ჩვენ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი რესურსი აქვს და მომდევნო დღეებში საპროტესტო მუხტს გავზრდითო. კიდევ უამრავი სისულელე თქვა, რომელზე შეჩერებაც არ ღირს.
ვანო არის სასარგებლო იდიოტი, რომელმაც ყველაფერი აღიარა, მაგრამ ვერ გათვალა ხელისუფლების სიძლიერე, ისევ მიშა და ვანო ეგონა ქვეყნის სათავეში, რომლისთვის ხალხის ხმის გათვალისწინება უცხო, აქციის სისხლში ჩახშობა კი ნაცნობი ხელობა იყო“, - ამბობს ჩიხელიძე.