"საზოგადოებამ ხელიდან გაუშვა ინფორმაციაზე წვდომის მთავარი ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით, მაგრამ უმთავრესია მოსახლეობის, მით უმეტეს ახალგაზრდობის ჯანმრთელობა და ჩვენ ამ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მივიღეთ," - ამის შესახებ „ქრონიკაში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომელმაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გაწვეულ კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, კანონპროექტი დემოკრატიასთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდა და ქვეყნის სუვერენიტეტს აძლიერებდა.
„ჩვენ წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც გულისხმობდა გამჭვირვალობას და არა იმას, რაზეც შემდეგ იყო აპელირება მათგან, ვისაც არ უნდოდა, რომ საზოგადოებას სცოდნოდა უფრო მეტი და სცოდნოდა სწორედ მათზე, ვინც ამ აქციას ხელი შეუწყო.
ჩვენ ეს კანონპროექტი სრული რეგლამენტის დაცვით წარვადგინეთ. არავითარი საფუძველი არ იყო იმისთვის, რომ ის რუსულ კანონად შერაცხილიყო, როგორც ამას ოპოზიცია და არა მხოლოდ ოპოზიცია შეეცადა - იცით, რომ ამ ამერიკულ კანონს დასავლეთშიც რუსული უწოდეს და პრაქტიკულად, მასთან დაკავშირებით მსჯელობა დახურეს.
ამ კანონპროექტის განხილვის დრო იყო სწორედ ახლა, როცა რეგიონში და ზოგადად, ჩვენს ქვეყანაშიც ზოგადად მაღალი რისკები არსებობს, მით უმეტეს, რეგიონული გეოგრაფიული თვალსაზრისით, ეს რისკები ჩვენთან უფრო დიდია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რომლებშიც ასეთი კანონი უკვე მოქმედებს - ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში, ბრიტანეთში, ავსტრალიაში და ა.შ. ასე რომ, ქვეყანას უნდა ჰქონდეს დაზღვევის მექანიზმები და სუვერენიტეტის მაღალი ხარისხი.
როდესაც საუბარი მიდის, ევროპა გვინდა, თუ არა, ვფიქრობ, აქ სადაო არაფერია, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ კურსს უჭერს მხარს და ეს ჩვენი მხრიდანაც არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. უფრო მეტიც, როდესაც საკონსტიტუციო ჩანაწერი დოკუმენტურად შედგა, ჩვენი წევრების უმრავლესობა, მათ შორის მეც, ვიყავით ხელისმომწერები. ჩემი მოღვაწეობითა და თანამდებობრივი კუთხით ვალდებული ვარ, რომ თუკი სადმე არის საკანონმდებლო, ან სხვა აქტივობები განსახორციელებელი, ეს გავაკეთო - ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპა არ მინდა. რა თქმა უნდა, მე საქართველო უფრო მიყვარს, ვიდრე დასავლეთი თუ აღმოსავლეთი, ჩრდილოეთის სიყვარულზე ვერაფერს გეტყვით, რადგან საბჭოეთი ვერ იწვევს ჩემში ვერანაირ სიყვარულს, მაგრამ ერთმანეთთან იმაში შეჯიბრება, ვინ უფრო ხმამაღლა დაიყვირებს, რომ ევროპა უნდა, ვფიქრობ, არასერიოზულია.
ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით ალბათ ნაკლები იყო ინფორმირებულობა და ალბათ, რესურსიც ნაკლები იყო იმასთან შედარებით, ვინც მისი რუსულად შერაცხვა ამ კანონპროექტის დაბლოკვა მოინდომა.
იცით, რომ 9 დეპუტატი ვართ, ინიცირების შემდეგ უმრავლესობაც შემოგვიერთდა, მაგრამ ჩვენი რესურსი ნაკლები იყო. ალბათ მეტი მცდელობა უნდა ყოფილიყო, რომ საზოგადოებამდე ეს კანონპროექტი სწორად მიგვეტანა. ასევე, საზოგადოებაში ძალიან ინტენსიურად ტირაჟირდა სიცრუე, მაგალითად, ის, რომ უცხოეთიდან გადმორიცხული თანხები ჩამოეჭრებოდათ, ან ის, რომ ჯანდაცვით სექტორში უცხოეთიდან შემოსული თანხები ჩაიკეტებოდა და ა.შ. ტყუილების კორიანტელი იყო.
ყველაზე მეტი ინტერესი ამ კანონის მოწინააღმდეგეებში იყო ის, რომ საზოგადოებას არ სცოდნოდა ის, რასაც ვთავაზობდით - უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა. ვფიქრობ, საზოგადოებამ შეცდომა დაუშვა, რადგან გაუშვა შანსი, მეტი სცოდნოდა. ეს მეტი ცოდნა საზოგადოებისთვის არის იარაღი, რომ დაიცვას როგორც საკუთარი ინტერესი, ასევე, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესი და სუვერენიტეტიც.
მომიტინგეებშიც მაღალი ემოცია იყო (იმ სეგმენტზე არ ვსაუბრობ, რომელიც ქვებს ისროდა. ევროპის სიყვარული ამაში არ უნდა გამოიხატებოდეს - პოლიციის მანქანების დაწვაში, შეტაკებებში, მოლოტოვის კოქტეილების სროლაში და ა.შ), იქ იყო ბევრი გულწრფელი ადამიანიც, რომელთაგან უმეტესი ნაწილი შეცდომის მსხვერპლი გახდა და როცა სიტუაცია დაიძაბა, ჩვენ, უმრავლესობასთან ერთად, ინიციატივა გამოვიჩინეთ, რომ ეს კანონი უკან გაგვეწვია. კიდევ ერთხელ ვამბობ - საზოგადოებამ ხელიდან გაუშვა ინფორმაციაზე წვდომის მთავარი ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით, მაგრამ უმთავრესია მოსახლეობის, საზოგადოების, მით უმეტეს ახალგაზრდობის ჯანმრთელობა და ჩვენ ამ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მივიღეთ.
დრო და ისტორიაც განსჯის, რომ სუვერენიტეტი უმთავრესი უნდა იყოს საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის. ჩვენ გვინდა იმდაგვარი ევროპა (და აუცილებლად ევროპა), საიდანაც არ მიგვითითებენ, ისე როგორც, ეს დღეს კელი დეგნანმა გააკეთა, რომელმაც პირდაპირ მიგვითითა, რომელი ფერის ღილაკზე უნდა დაგვეჭირა თითი, ან კუბილიუსმა გვითხრა, რომ მხოლოდ მათი თამაშის წესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. სხვანაირად წარმოუდგენელია, ასე, მუდმივად ცალ ფეხზე მდგომი ქვეყანა ვიქნებით. მიუხედავად სირთულეებისა, დღეს, საქართველოს რეალური შანსი აქვს, მყარი სუვერენიტეტის მქონე ქვეყანა იყოს და უპირატესი ინტერესები ჰქონდეს, რომელიც საერთო გეოპოლიტიკაში ჩაჯდება იმდაგვარად, რომ მისი უსაფრთხოება დაცული იყოს.
კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა: კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას გულისხმობდა, რაც დასავლური სტანდარტია, უნდა დაფიქსირებულიყო უცხოეთიდან 20%-ზე მეტი ოდენობით შემოსული თანხა, თუ საიდან მოდის, რაში იხარჯება და ეს არ ეხებოდა არც ერთ ფიზიკურ პირს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.