30 აგვისტოს საქართველოს მსხვილი ჩინური კორპორაციის „CEFC China Energy"-ის აღმასრულებელი დირექტორი ჭანგ ძიანძუნი ეწვია. „CEFC China Energy" ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციაა. ის ავტორიტეტული „Fortune Global 500"-ის ლისტინგშია, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს 500 კორპორაციას აერთიანებს.
პირველი შეხვედრა ჩინური კორპორაციის „CEFC China"-ის ხელმძღვანელობასთან საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ჩინეთის უმსხვილეს ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტის დროს განხორციელდა, რომლის დროსაც დაადასტურეს, რომ „CEFC China" საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნას აპირებს. მისი მეშვეობით „CEFC China" განახორციელებს საქმიანობას არა მხოლოდ აღნიშნულ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. გარდა ამისა, უშუალოდ საქართველოში ჩინური კორპორაცია დაინტერესებულია განახორციელოს ინვესტიციები საბანკო სექტორში, ენერგეტიკასა და ტურისტულ ბიზნესში.
„CEFC China"-ის აღმასრულებელი დირექტორის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორპორაცია „CEFC China Energy Company Ltd"-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე ბიზნეს და საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას სავაჭრო-საინვესტიციო სფეროში. მისი მიზანია მხარეებს შორის მოხდეს საინვესტიციო პროექტების განხილვა, „CEFC"-ის მიერ საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტების მონიტორინგი და ექსპორტის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვა. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, უძრავი ქონება, საბანკო-საფინანსო სექტორი, კომუნიკაციები.