ჯანდაცვის სამინისტროსა და „გლობალური ალიანსის" სოციალური ინიციატივა - „რა გაწუხებთ?" გულისხმობს მოსახლეობის გამოკითხვას იმის გასარკვევად, თუ როგორია მათი საჭიროებები და პრობლემები ჯანდაცვის სფეროში. რეგიონულ ცენტრებში გამოკითხვა დასრულდა. გამოიკითხა 16 ათასზე მეტი ადამიანი. ამჟამად გრძელდება ინტერნეტ-გამოკითხვა. კითხვარების შევსება ვებ-გვერდზე www.1505.ge. მიმდინარეობს.
გამოკითხვისას გამოიკვეთა, რომ სამინისტროს საქმიანობაში პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა უნდა გახდეს. ასევე, პრიორიტეტული პრობლემატური საკითხებია მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და მედიკოსთა დაბალი ანაზღაურება.
„რა გაწუხებთ?" ინიციატივას ეხმაურება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი:
-როგორ შეაფასებთ სოციალურ ინიციატივას და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ღიაა მოსახლეობის პრობლემებისთვის?
-ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ათბალიანი სისტემით, ათი ქულით შევაფასებდი. რაკი მსგავსი ინიციატივა წამოიწყო, ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის მოსახლეობის პრობლემების მოსასმენად და გასაგებად.
-„რა გაწუხებთ?" ინიციატორი, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, არის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი", რომელიც სამინისტროს რეფორმის მომზადებაში კონსულტაციას უწევს. მიგაჩნიათ, რომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა მნიშვნელოვანია და მათი გამოცდილების გაზიარება დაგვეხმარება სისტემის გაუმჯობესებაში?
მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება აუცილებელიცაა და დადებითად წაადგება საქმეს. ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს.
-ცნობილია, რომ უკვე გამოიკითხა, დაახლოებით, 16 000 ადამიანი. გამოიკვეთა სამი ძირითადი პრობლემა, რისი მოგვარებაც უნდათ მოქალაქეებს: პირველადი ჯანდაცვა, მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და ექიმების ანაზღაურება. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?
ლოგიკურად მიმაჩნია ეს შედეგები, რადგან სამივე პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველადი რგოლი აუცილებლად უნდა გაძლიერდეს, მედიკამენტის ფასებიც მაღალია და მათი ხელმისაწვდომობა ნამდვილად პრობლემატურია. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მედიკოსებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება.
-რადგან გამოკითხვას შევეხეთ, თქვენ, როგორც მოქალაქეს, რა გაწუხებთ და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან რის მოგვარებას ისურვებდით?
-ხალხი სწორად აფასებს არსებულ ვითარებას. ამრიგად, მე აბსოლუტურად ვეთანხმები გამოკითხვის შედეგებს. პირველადი ჯანდაცვა, მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და ექიმების ანაზღაურება - ეს ნამდვილად მთავარი პრობლემატური საკითხებია. თუმცა, ერთს დავამატებ, ძალიან მნიშვნელოვანია თაობათა ცვლისათვის უწყვეტი პროფესიული სწავლების აღდგენა, რადგან თუ ახალი კადრები არ გაიზარდა, ძალიან გაგვიჭირდება.