მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმას, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება, საერთო არ აქვს კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებასთან.
„საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესები გახდა ერთგვარი ბიძგი, რომ საჯარო სტატუსს დაბრუნებოდა. კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელების საფარქვეშ მიმდინარეობს აშკარა და დაუფარავი შეტევა სამოქალაქო მშვიდობასა და კონსტიტუციურ წესრიგზე. გიორგი პაპუაშვილი უშუალოდ დარჩა სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის თანაშემწედ, როგორც იყო 1996 წელს და სამი ზონდერმოსამართლის მეშვეობით ახორციელებს უხეშ ჩარევას კონსტიტუციურ წესრიგში.
პირველი, ეს არის სისხლის სამართლის მიმართულება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო, პრაქტიკულად, გასცდა უფლებამოსილებას, უკანა კარით შევიდა საერთო სასამართლოში და ცდილობს, გადასინჯოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი - გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით და შემოვლითი გზით აღუდგეს წინ მართლმსაჯულებას და აარიდოს სასჯელი უგულავას", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, მეორე მიმართულება, ეს არის სამოქალაქო საქმეები.
„პაპუაშვილი და ეს სამი მოსამართლე ასევე უკანა კარიდან არიან შესულები საერთო სასამართლოში, ახლა უკვე სამოქალაქო პალატაში და ცდილობენ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, არ აღდგეს სამართალი და არ დაუბრუნდეს კანონიერ პატრონს. ამისთვის, ისინი საკანონმდებლო სივრცეს, ყველა მოქალაქეს გვახდევინებენ საკანონმდებლო ქაოსის შექმნის ფასს, რადგან ის მუხლი, რომელიც ეხება უგულავას ბრალდებას - მითვისება, გაფლანგვა, ამ მუხლის პრაქტიკულად დეკრიმინალიზაციას ახდენენ. ხოლო სამოქალაქო სამართალში გარიგების ბათილობის ამორალურობა, ეს უნდათ, რომ არაკონსტიტუციურად იქნას გამოცხადებული.
პაპუაშვილს ქვეყანა გადაჰყავდა ქვეყანაში წესების გარეშე. კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ვერ მოახერხა პლენუმზე შესაბამისი გადაწყვეტილების გატანა - ურცხვად იცრუა, რომ ზეწოლა ხდებოდა მის მოსამართლეებზე, რითაც საბოლოოდ ამხილა საკუთარი თავი, რადგან არ დადასტურდა", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.