logo_geo
eng_logo
ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობა განცხადებას ავრცელებს
- +

13 მარტი. 2023. 21:33

გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის „თავდაცვის კოდექსი“ გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, განსაკუთრებით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მიმართ ჩვენი ახალგაზრდების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულებას.

 ჩვენ, საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები,  აღშფოთებული ვართ, რომ ქვეყანაში, რომელმაც ომებით გამოიარა მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რეგიონში გაზრდილი საფრთხეების და ქვეყნის ოკუპირებული  ტერიტორიების გათვალისწინებით, ჰყავს შვილები, რომლებიც აპროტესტებენ საკუთარი ქვეყნის თვდაცვის ძალებში სამსახურს და არგუმენტად მოჰყავთ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის აუცილებლობა, ანუ, „სამშობლოს ემსახუროს ის, ვისაც ეს უნდა“.

გვინდა ამ ახალგაზრდებს მივანიშნოთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, სიმძიმის ცენტრი გადმოვიდა რეზერვისტებით დაკომპლექტებულ დანაყოფებზე, რომლებშიც ჩართული იყო მოსახლეობის ყველა ფენა, მ.შ. ქალებიც.  ისმის კითხვა, როგორ შექმნას სახელმწიფომ თავდაცვის  ძალების რეზერვი, თუ ჩვენი ახალგაზრდობა უარს იტყვის ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლაზე.  ახალგაზრდების ამ ნაწილისგან  ჩვენ ადრე გვესმოდა, რომ არ იმსახურებდნენ ჯარში ”ყარაულებად“.  ეს სრულიად სამართლიანი მოთხოვნა იყო, რადგან იმ სამსახურს არაფერი საერთო არ ჰქონდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის  ამაღლებასთან. შემოთავაზებულ კანონპროექტში კი ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სამხედრო სამსახურს წვევამდელები გაივლიან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებში.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ჩართულობით, გააძლიეროს მოსწავლე-ახალგაზრდობასთან სამხედრო-პატრიოტული მუშაობა,  რათა მათ ნათლად დაინახონ რას წარმოადგენს დღევანდელი ჯარი და რომ მასში სამსახური არის არა დამამცირებელი, არამედ პრესტიჟული.

 ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, თხოვნით მივმართავთ ახალგაზრდების იმ ნაწილს, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი და ვთავაზობთ ჩავატაროთ  შეხვედრები, სადაც ერთად გავეცნობით და განვიხილავთ ამ კოდექსის  მათთვის საინტერესო   დებულებებს, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ღირსეული გადაწყვეტილება.

 სამშობლო ჩვენ გვაქვს ერთი და მისი დაცვა ყველა ჩვენთაგანის  წმინდათა- წმინდა ვალია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner